მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანა იგეგმება – ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, საპატიმროში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჰოსპიტალიზაციის საჭიროება ძალიან მალე დადგება. როგორც ბასილაიამ ჟურნალისტებს უთხრა, მისი შიმშილობა უკვე 20-დღიან მიჯნას გადასცდა და შეიძლება საათობრივად მდგომარეობა დამძიმდეს.

გამოხტა ეს მინისტრი და თქვა, რომ გლდანის ციხეში უნდა მოვათავსოთო, სადაც კრიმინალური მუხლებით გასამართლებული ადამიანები იმყოფებიან. მათ იქ სურთ სააკაშვილის გადაყვანა, სადაც უსაფრთხოების გარანტია არ არსებობს”, – განაცხადა ბასილაიამ.

როგორც მანვე აღნიშნა, ხელისუფლება „თავის სიტყვაზე დახტის.“

„რამდენიმე დღის წინ მათ თქვეს, რომ დაცვის მხარემ მიუთითოს ნებისმიერი კლინიკა თბილისში და მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციას იქ მოვახდენთო. გუშინ კი, მოვისმინეთ იუსტიციის მინისტრის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია მოხდება მე-18 დაწესებულებაში.

ეს არის პირდაპირ იმ პრაქტიკის უარყოფა, რაც ციხის ადმინისტრაციას წლების მანძილზე აქვს. ეს არის პირდაპირ მინიშნება იმაზე, რომ ისინი პროვოკაციას აწყობენ და მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოებაზე არ ზრუნავენ.

გლდანის ციხეში არის ათასობით პატიმარი და ხელისუფლებას სურს მოაწყოს რაღაც „შუმოვკები“ და პროვოკაციული სცენები. ჩვენ არ ვითხოვთ განსაკუთრებულს, ჩვენ ვითხოვთ იმ პრაქტიკას, რაც პენიტენციურ სამსახურს აქამდე ჰქონდა,“– განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია პენიტენციურ სისტემაშივე იგეგმება.

ცნობისთვის, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, მისი დაკავების დღიდან, უკვე 21-ე დღეა რუსთავის #12 დაწესებულებაში შიმშილობს. ის პირველ ოქტომბერს დააკავეს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი