ნემსს მიკეთებდნენ ნებართვის გარეშე და ანალიზატორს გავკარი ხელი – მიხეილ სააკაშვილი

“მთავარი არხის” დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე საზოგადოებას მიხეილ სააკაშილის წერილი გააცნო.

წერილის თანახმად, სააკაშვილი ამბობს, რომ გლდანის ციხეში მოტყუებით გადაიყვანეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რა დროსაც, ციხის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწია.

“მე აქ გადმომიყვანეს მოტყუებით, მას შემდეგ, რაც გამომიცხადეს, რომ ქალაქის რეგულარულ კლინიკაში მივყავდი, გამოუქმეს შეხვედრა ექიმებთან და პაემანი დედაჩემთან და ჩემს შვილებთან.

როდესაც მიმიყვანეს კრიმინალების კორპუსთან, მათ ატეხეს დიდი ჟრიამული და არ შეწყვეტილა ეს ჟრიამული ამ წუთამდე, ხოლო ციხის ერთერთმა წარმომადგენელმა, როგორც ჩანს, ხელმძღვანელმა მუშაკმა, გამომიცხადა – აჰა, ჩიტო, ხომ ჩაიგდეთ ხელში” და გინებაც მოაყოლა. მე მოვითხოვე მისი სახელი და გვარი, თუმცა, უარი მითხრეს.

შემდეგ, გაფრთხილების გარეშე დაიწყეს ჩემი გადმოთრევა თანამშრომლებმა, მიუხედავად ჩემი კატეგორიული უარისა, გადმომათრიეს მანქანიდან, კრიმინალების გინების ქვეშ გამათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩამარტყეს კისერში, მითრიეს თმებით და, რა თქმა უნდა, ამ დროს გავუწიე წინააღმდეგობა, ისევე როგორც პალატაში, სადაც რაღაც გაურკვეველი კრიმინალი შესახედაობის მედპერსონალი მომიახლოვდა და ამ დროს, მართლაც ანალიზატორს გავკარი ხელი, იმიტომ, რომ რაღაც ნემსის გაკეთება დაიწყეს ჩემი ნებართვის გარეშე, ჩემი რეაქცია იყო გამოწვეული მთელი ამ ძალადობის და შეურაცხყოფის შემდეგ აღელვებით, ყველა იქცეოდა, როგორც ნამდვილი კრიმინალი.

ჩემს საკანში მუდმივად ისმის კრიმინალების შეძახილის ხმა, ვაცხადებ ყველანაირ სამედიცინო ჩარევაზე უარს, სამედიცინო პერსონალთან არ ვთანამშრომლობ, შევხვდები მხოლოდ ჩემს პირად ექიმს, აქ ჩემი გადმოყვანის მიზანი არის ერთმნიშვნელოვნად ჩემი ფიზიკური განადგურება პუტინის დაკვეთით.

მინდა, არ მივცეთ არანაირი პროვოკაციის შესაძლებლობა. მე ვალდებული ვიყავი, გამეწია ფიზიკური წინააღმდეგობა ძალადობისთვის, მაგრამ მე აქ მარტო ვიყავი. ხოლო თქვენ, გარეთ ხართ უამრავი და შესაბამისად, ვერავინ დაგამარცხებთ მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან მტკიცე პროტესტის პირობებში. კიდევ ერთხელ, არ წამოვეგოთ მათ პროვოკაციებს. ჩვენი ერთიანობით, მშვიდობიანობით უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა, რომელიც ბანდიტებს ჩაუვარდა ხელში და დაღუპვის პირასაა.

მინდა ხელახლა ვთხოვო ემიგრაციას, ახლა არის მომენტი, აჩუქოთ საქართველოს თუნდაც ერთი ან რამდენიმე დღე და ბოლომდე მივიყვანოთ საქმე. ძალიან დიდი იმედი მაქვს ყველა თქვენგანის. არ შეგვეშინდეს ამათი. ჩვენ ბევრად მეტნი ვართ და რაც მთავარია, მართალი ვართ და ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ოჯახები, ჩვენი სამშობლო გვაქვს გადასარჩენი.

P.S. – მიმართვა ნიკა მელიას. ვიზიარებ და სრულიად მხარს ვუჭერ, ნიკა, შენს გადაწყვეტილებას გლდანის ციხესთან წამოსვლაზე უარის შესახებ. აქ მზადდებოდა და ახლაც მზადდება პროვოკაცია, რაც მიზნად ისახავს ჩვენი მშვიდობიანი პროტესტის ჩაშლას. ყოჩაღ ამისთვის”, – ნათქვამია წერილში.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის ციხეში შიმშილობს. ჯანმრთელობის გაუარესების გამო ხელისუფლებამ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანა, რასაც ოპოზიციის და თავად სააკაშვილის პროტესი მოჰყვა. თბილისში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობა საპროტესტო აქცია, რომელიც ახლაც გრძელდება. დემონსტრანტები მესამე პრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი