ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლაში „ავსტრიული კუთხე“ გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს ზუგდიდი მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, პირველ მოადგილესთან, ავსტრიის ელჩთან საქართველოში თომას მიულმანთან და ბერტა ფონ ზუტნერის პრემიის დამფუძნებელთან სალომე ადამიასთან ერთად დაესწრო.
ავსტრიის საელჩომ ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლაში ავსტრიული კუთხე საბაზისოდ აღჭურვა გერმანულენოვანი წიგნებითა და პუბლიკაციებით. ავსტრიის ელჩის განცხადებით, სამომავლოდ ბიბლიოთეკა წიგნადი ფონდით კიდევ შეივსება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, მამუკა წოწერიამ აუდიტორიას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ მერაბ კოსტავას სახელობის მეორე საჯარო სკოლისთვის წიგნადი ფონდის გადაცემა არის მომავალი თაობების საგანმანათლებლო სფეროში შეტანილი დიდი წვლილი, რისთვისაც მუნიციპალიტეტის მერმა მადლობა გადაუხადა ავსტრიის ელჩს. ამასთანავე, მერმა ხაზი გაუსვა ავსტრიელი და ქართველი ხალხის მეგობრობის მრავალწლიან ისტორიას. სწორედ ამ ქალაქში ცხოვრების შემდეგ დაწერა მსოფლიოს ცნობილმა ავსტრიელმა საზოგადო მოღვაწემ, პუბლიცისტმა, ჟურნალისტმა, ბერტა ფონ ზუტნერმა თავისი ნაშრომი. „რომ არა ზუგდიდში გატარებული წლები ის არ იქნებოდა ბერტა ფონ ზუტნერი, რომელსაც მთელი მსოფლიო იცნობდა“. – აღნიშნა სიტყვით მიმართვისას მერმა.
„ჩვენ სიმბოლურად შეიძლება ვთქვათ, რომ კიდევ ერთი სარკმელი გაიჭრა ევროკავშირისკენ ზუგდიდის, ავსტრიული კუთხის სახით ეს არის საგანმანათლებლო, კულტურული ასე ვთქვათ სარკმელი და დარწმუნებული ვარ ეს ძალიან შეეწევა ამ კულტურული, საგანმანათლებლო ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას, სხვადასხვა ერთობლივი პროექტების განხორციელებას და ეს ძალიან დიდი შედეგის მომტანი იქნება“. – აღნიშნა მამუკა წოწერიამ.
ავსტრიის საელჩოს განათლების სფეროში ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადეს ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ და მეორე საჯარო სკოლის დირექტორმა ნინო ბულიამ.