ზუგდიდის საკრებულოში თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩიეს, სხდომა გადაიდო. საახალწლო უქმეების გამო, მისი ჩატარების სავარაუდო თარიღად 12 იანვარი ჩაინიშნა.
დღევანდელ სხდომაზე ქვორუმი არ შედგა. საკრებულოში პროტესტის ნიშნად არ მივიდა ნაციონალური მოძრაობა. გარდა ენმ-სა სხდომას არ ესწრებოდა ქართული ოცნების 4 და პარტია საქართველოსთვის 1 წევრი.
“არ შედგა სხდომა, ქვორუმის არარსებობის გამო. ესწრებოდა 21 დეპუტატიდა უნდა ყოფილიყო მინიმუმ 23. უქმეებია, ახალი წელი მოდის და 12-ში შეიკრიბება”, – განაცხადა ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარემ, ირაკლი გოგოხიამ.
ზუგდიდის საკრებულოში 45 წევრია. თავმჯდომარის ასარჩევად სულ მცირე 23 ხმა არის საჭირო. მანდატები პარტიებს შორის ასე ნაწილდება: ენმ – 22, ქართული ოცნება – 20, პარტია საქართველოსთვის – 3.