სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ელისო კილაძეს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივლა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, გაზეთ “ქრონიკა პლიუსის” მთავარ რედაქტორს ელისო კილაძეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივლა. როგორც გუბერნატორის ადმინისტრაციაში აცხადებენ განცხადებით ეთიკის ქარტიას დღეს მიმართეს.

“გაზეთ „ქრონიკა პლიუსის“ ბოლო ნომერში ჟურნალისტი ელისო კილაძე მიზანმიმართულად ავრცელებს ცრუ, ყოველგავარ სიმართლეს მოკლებულ ინფორმაციას და ცდილობს შელახოს სამეგრელო-ზემო სანეთის გუბერნატორის ლევან შონიას საქმიანი იმიჯი და რეპუტაცია. მთელი პასუხიმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის მიზანმიმართული სიცრუე, რის გავრცელებასაც გარკვეული პოლიტიკური ძალები წინასაარჩევნოდ ახდენენ.

ელისო კილაძე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს ცრუ ბრალდებებს მიზანმიმართულად უყენებს, კილაძე მკითხველს არ აწვლის სწორ ინფორმაციას, არ გამოიკვლია ჭეშმარიტება, არც კი უცდია სიმართლის დადგენა და ენდო ერთ ინკოგნიტო წყაროს. მას არ დაურეკავს არც გუბერნატორთან და არც მის პრესსამსახურში, რათა დაკავშირებოდა მეორე მხარეს და მისგან მიეღო ინფორმაცია. ელისო კილაძემ არ გადაამოწმა ფაქტები რათა გაზეთში დაბეჭდილიყო ზუსტი ინფორმაცია. მეტიც, მან საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე განზრახ დაამახინჯა ფაქტები, მოიგონა სხვადასხვა ცრუ ინფორმაცია და საზოგადოებას მცდარი ინფორმაციის ნამდვილობაში არწმუნებდა.

მიგვაჩნია, რომ ელისო კილაძემ დაარღვია ჟურნალისტური ეთიკა და სტანდარტები, შესაბამისად განცხადებით უკვე მივმართეთ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, რადგან მიგვაჩნია, რომ დაირღვა ქარტიის პირველი მუხლი ,,ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადებისუფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“ და ქარტიის მეთერთმეტე მუხლი „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს ფაქტის განზრახ დამახინჯება“ – ნათქვამია გუბერნატორის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზეთ ქრონიკა პლიუსის 24-ე ნომერში, რომელიც გუშინ გამოვიდა, ელისო კილაძის ავტორობით გამოქვეყნდა სტატია სათაურით „თამაზაშვილი, დიმიტრი რაგოზინი, სერგეი ჩაბანი – ვისი ლიკვიდაცია დაიგეგმა 2003 წელს ზუგდიდში?!“ სტატიაში ავტორი ინკოგნიტო  წყაროზე დაყრდნობით წერს სტატიას, სადაც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირში, თხილის ბიზნესის მონოპოლიაში, სიგარეტის, ნარკოტიკის, ჯართის კონტრაბანდასა და ტრანზიტში სდებს ბრალს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი