გალში ხუთმხრივი შეხვედრა გაიმართა

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში, გალში ხუთმხრივი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა გიგა ოთხოზორიას მკვლელობა იყო.

როგორც  სახელმწიფო უსაფთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა  ირაკლი ბერაიამ მედიას  განუცხადა, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის ე.წ. მესაზღვრის რაშიდ კანჯი-ოღლის გადმოცემის საკითხი დააყენა. ასევე ქართულმა მხარემ აღნიშნულ საკითზე საგამოძიებო მასალები წარადგინა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ელოდებიან.

ირაკლი ბერაიას ინფორმაციით, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაადასტურეს, გავრცელებული ინფორმაცია გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი ოღლის შიდა პატიმრობის შესახებ.

როგორც ბერაიამ განმარტა, შეხვედრაზე  ასევე ისაუბრეს, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებზე, მათთვის გადაადგილების უფლების შეზღუდვაზე და უკანონო პატიმრის გიორგი ლუკავას საკითხზე, რომელიც დრანდის ციხეში შეიარაღებული დაჯგუფების ჩამოყალიბების, ადამიანის გატაცების და მკვლელობის ბრალდებით იხდის სასჯელს.

გალის ხუთმხრივი შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის, რუსეთის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და გაეროს წარმომადგენლების მონაწილეობით  გაიმართა. მორიგი შეხვედრა მიმდინრე წლის ორ აგვისტოსაა დანიშნული.

კომენტარები

დატოვე კომენტარი