ზელენსკიმ საქართველოდან ელჩის გაწვევას ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან და მაროკოდან ელჩების გაწვევის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.

“არსებობენ ისეთებიც, რომლებიც სხვებთან ერთად სახელმწიფოს დასაცავად მოქმედებენ იმისთვის, რომ უკრაინამ თავისი მომავლის არჩევა შეძლოს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული ასეთი ადამიანის ქმედებას. და არსებობენ ისეთები, რომლებიც მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, რომ დარჩნენ იქ, სადაც არიან. დღეს ხელი მოვაწერე, რომ ერთ-ერთი ასეთი ადამიანი, ელჩი, გამოვიწვიო მაროკოდან.

ასევე, მივიღე გადაწყვეტილება, დავაბრუნო ელჩი საქართველოდან. დიდი პატივისცემით, თუ არ იქნება შეიარაღება, სანქციები, შეზღუდვები რუსული ბიზნესისთვის, ეძებეთ სხვა სამსახური. ველოდები კონკრეტულ შედეგებს ლათინური ამერიკიდან, ახლო აღმოსავლეთიდან, ცენტრალური აზიიდან და აფრიკიდან. ანალოგიურს ველოდები სამხედრო ატაშეებისგანაც. დიპლომატიური ფრონტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფრონტია და ყველამ უნდა იმუშაოს მაქსიმალურად ეფექტურად გამარჯვებისა და უკრაინის დახმარებისთვის, ისევე როგორც თითოეული ჩვენი ჯარისკაცი ბრძოლის ველზე”, – ამბობს ზელენსკი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი