ქართული ენა ეროვნული იდენტობის ერთ-ერთი ძლიერი განმსაზღვრელია – მამუკა წოწერია

დედაენის დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა წოწერიამ, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, იაკობ გოგებაშვილის ბიუსტი გვირგვინით შეამკო.

მამუკა წოწერიამ ქართული ენის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართული ენა ეროვნული იდენტობის ერთ-ერთი ძლიერი განმსაზღვრელია. ყველა ქართველის ვალია დაიცვას მშობლიური ენა და სხვებსაც აზიაროს ეს საოცარი საუნჯე.

იაკობ გოგებაშვილის ბიუსტთან ზუგდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედაენის თემატიკაზე დაწერილი ლექსები წაიკითხეს.

ღონისძიების დასასრულს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, მოსწავლეებს, სიმბოლურად საჩუქრად იაკობ გოგებაშვილის წიგნი გადასცა.

1990 წლიდან, ყოველი წლის 14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება.

1978 წლის ამ დღეს, კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო.

ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი