სამეგრელოში ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბზის მოჭრაზე კონტროლი გაამკაცრა.

კონტროლის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამეგრელოსა და იმერეთში, ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს.

მარტვილის მუნიციპალიტეტში, ლებარდეს ხეობის ტერიტორიაზე, მოქალაქე კოლხური ბზის სახეობის 7 ერთეული ფესვიანი ხე-მცენარისა და 580 ერთეული ტოტის ტრანსპორტირებას ახდენდა. ავტომანქანის ძარაზე სამართალდამრღვევს ასევე განთავსებული ჰქონდა წიწვოვანი სახეობის 4 ერთეული ხე-მცენარე და 0,3 კუბური მეტრი მოცულობის თხმელის (მურყანი) სახეობის საშეშე მერქანი. ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურაში კი, მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა ბზის სახეობის 700 ერთეული ტოტი და მათი უკანონო ტრანსპორტირება განახორციელა. სამართალდამრღვევის მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა 500-დან 1000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს, ხოლო თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი