საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც საზოგადოებას “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ეკა ხერხეულიძემ გააცნო.
“ვინაიდან ძალიან ბევრი სპეკულირებს ჩემი ჯანმრთელობის ირგვლივ გადავწყვიტე, პირადად ღიად ვისაუბრო იმაზე, თუ რას ვგრძნობ. MRT-ით ხერხემალზე დამიდგინეს ტრავმა, რომელიც დიდი ალბათობით, გლდანში ძალის გამოყენებით გადაყვანისას მივიღე. ეს ტრავმა, როგორც მივხვდი, საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას. მაქვს ზურგის არეში ძლიერი ტკივილები და დღეში რამდენჯერმე მიკეთებენ ტკივილგამაყუჩებელ ნემსს. მაქვს ძლიერი ტრემორი და თავბრუსხვევა. სულ უფრო რთულად ვიმორჩილებ კიდურებს, განსაკუთრებით მარცხენა ხელს. მაქვს მუდმივი ძლიერი ტკივილი ქვედა კიდურებში. ნეიროქირურგმა, რომელმაც გამსინჯა გამოთქვა ვარაუდი, რომ კუნთები შეიძლება მალე ჩაიკეტოს და შემდეგ მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება. მე არ ვიცი, ეს ზუსტად რას ნიშნავს, მაგრამ ის რაც ვიცი ნამდვილად ასეა, რომ სულ უფრო მიჭირს გადაადგილება და ძირითადად წოლით რეჟიმში ვიმყოფები. MRT-ით ასევე თავის ტვინში დადგინდა გარკვეული ცვლილებები, რის შესახებაც მე ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს. ამ ყველაფერს ემატება რამდენიმე ათეული დღის განმავლობაში საკვების სრული მიუღებლობა. საქმე იმაშია, რომ მხოლოდ მოწოდებებით, რომ არ ვიწვე და ვიკვებო საქმე არ სწორდება, თორე ვინც მიცნობთ, ყველამ კარგად იცით, რომ ვერტიკალური მდგომარეობა არ მახასიათებდა, არც უმადობას ვუჩიოდი ოდესმე. საჭიროა პოლიტიკისგან სრულად დაცლილი მკურნალობა რისი მიღება საქართველოში ამ ეტაპზე შეუძლებელია”. – წერს სააკაშვილი.