საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ჩვენი ქვეყნის ისტორიის მემკვიდრეობის შესახებ ისაუბრა.
“ევროპის გზაზე ისტორიული შესაძლებლობა გაჩნდა. ეს გზა ევროპისკენ არ გახსნილა უსისხლოდ და მსხვერპლის გარეშე. ჩვენმა წინაპრებმა ეს გზა გაკაფეს! ჩვენი საუკუნოვანი მისწრაფება ეფუძნებოდა იმ შეგნებას, რომ საერთო ფასეულობები გვაერთიანებდა და გვაკავშირებდა ევროპულ ცივილიზაციასთან. და მაშინ, როცა ქართულ რწმენას, იდენტობას და ფასეულობებს ვიცავდით, რიგი დამპყრობელი იმპერიებისგან, ამ დროს ჩვენ ევროპასაც ვიცავდით. ეს საერთო ფასეულობები მოიცავდა ყველაფერს, რაც დღეს ჩვენი ევროპული მომავლის გასაღებს წარმოადგენს, ანუ 4 მთავარი ფასეულობა და პრინციპი:
1) სამართლიანი სასამართლო, რომელიც საქართველოში მრავალ საუკუნეს ითვლის და ეფუძნება ქართული სამართლის ძეგლებს: ეს იქნება ანტიკური ხანის ჩვეულებითი სამართალი, მე-13 საუკუნის „წიგნი სამართლისა კაცთა შეცდომისა ყოველივე“, მე-14 საუკუნის მეფე გიორგი ბრწყინვალის სისხლის სამართალს თუ ვახტანგ VI-ის სამართლის ძეგლების უნიკალური კრებული. ქართული სამართლის ისტორია ბევრ ევროპულ ქვეყანას დაამშვენებდა და ცოტა არ იყოს სირცხვილია, რომ დღეს ამ მემკვიდრეობას სათანადოდ ვერ ვაგრძელებთ.
2) ქართული კულტურის ქვაკუთხედად მიიჩნეოდა, ის რაც ევროპისთვისაც განმსაზღვრელ ფასეულობას წარმოადგენდა – შემწყნარებლობა და მრავალფეროვნება. დღესაც, ამ ტრადიციის გაგრძელება გვევალება ჩვენც და ევროპასაც.
3) ევროპასა და საქართველოს ქრისტიანობა ერთნაირად გვკარნახობდა, ადამიანის სამყაროს ცენტრად აღიარებას და მაშასადამე, მისი ყველა უფლების პატივისცემას და დაცვას. და ადამიანს რომ ვამბობ, ქალს ვამბობ. ევროპისკენ მიმავალ ჩვენს გზაზე, ესეც დღის წესრიგში დგას.
4) დაბოლოს, ძალაუფლების დაბალანსება ავტორიტარიზმის ცდუნების ასაცილებლად. თამარ მეფის XII საუკუნეს უკავშირდება პირველი მონახაზი აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოების დაყოფა და დაბალანსება, „კარავი“-ს და „დარბაზი“-ს სახით, რაც ქართული პარლამენტარიზმის ერთ-ერთ საფუძვლად მიიჩნევა.
ამგვარად კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ამ ღირებულებების დაცვა არც სხვისი ნაკარნახები ნების შესრულებაა, არც გაუცხოების და იდენტობის დაკარგვის საფრთხეა, არამედ პირიქით – ევროპის გზაზე გადამწყვეტი ნაბიჯებით სიარული, საკუთარ თავთან დაბრუნებას უდრის. ამიტომ არის, რომ შემეცნებით თუ ინტუიციურად, ამ გზას მხარს უჭერს მთელი საზოგადოება და ეს მხარდაჭერა წლების მანძილზე არათუ შენელდა, არამედ გაძლიერდა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.