პრემიერი სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას გაეცნო [Video]

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს სტიქიის ზონაში, მარტვილის მუნიციპალიტეტბის სოფლებში თამაკონსა და აბედათში იმყოფებოდა. სადაც ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა ხიდები წაიღო. პრემიერმა შესაბამის სამსახურებს დაავალა, საჭიროების შემთხვევაში, გამარტივებულ შესყიდვას მიმართონ, რათა მოსახლეობას გზა მალე აღუდგეს.

” სამეგრელოს რეგიონში, სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად მოკლე ვადებში აღდგება” – განაცხადა პრემიერმა.

სტიქიის შედეგად მარტვილის მუნიციპალიტეტში სულ 180-ზე მეტი კომლი გარესამყაროს მოწყდა, წაღებულია ორი ხიდი, მწყობრიდანაა გამოსული სოფლის შიდა გზები. ადიდებულმა მდინარეებმა და ღელეებმა მარტვილის 15-მდე სოფელი დააზარალეს. მოვარდნილმა წყალმა დატბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, სავარგულები, დახოცილია შინაური ფრინველები და ცხოველები.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, დასავლეთ საქართველოში, მასშტაბურმა სტიქიამ არაერთი რეგიონი დააზარალა:

“ძალიან დიდი ზარალია. შექმნილია სპეციალური კომისია, რომელმაც ზარალის დათვლა უკვე დაიწყო. რაც მთავარია, აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია. ხვალიდან შემოვა შესაბამისი ტექნიკა და მაქსიმალურად დავახმართ დამატებით, გამარტივებული შესყიდვით შევისყიდით ყველა ამ სამუშაოს და ლოდინი საჭირო არ იქნება”, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ასევე მიუსამძიმრა მდინარე აბაშაში დაღუპული 18 წლის მიხეილ ბერიშვილისა და მაშველ ელგუჯა ჯამრიშვილის ოჯახებს, რომელიც ახალგაზრდის დახმარებას ცდილობდა და აღნიშნა, რომ მათი დაღუპვა დიდი დანაკლისია.

“დანარჩენს ყველაფერს ეშველება. ამას ჩვენ მაქსიმალურად მალე გავაკეთებთ. ყველა უწყება საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ყველა რეგიონში განაწილებული ვართ მინისტრები, შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები და გადაწყვეტილებები მიიღება რაც შეიძლება ჩქარა. ზარალის ანაზღაურების ნაწილს, ზარალის დათვლის შემდეგ განვსაზღვრავთ. შევეცდებით, მაქსიმალურად ავუნაზღაუროთ, რისი შესაძლებლობაც იქნება”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრთან ერთად, სოფელ თამაკონსა და აბედათში, ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სახელმწიფო რწმუნებული ლევან შონია, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ალავიძე იმყოფებოდნენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი