დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი პარტნიორ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან ერთად, რეგიონულ ახალგაზრდულ ფორუმს მასპინძლობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, მამუკა წოწერიამ აუდიტორიასთან სიტყვით მიმართვისას აღნიშნა, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება მთელი რეგიონისთვის, აქ მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტების ახალგაზრდები. ახალგაზრდებს აქვთ საშუალება ერთმანეთს გაუზიარონ მათ მუნიციპალიტეტში არსებული ახალგაზრდული პოლიტიკის საუკეთესო პრაქტიკა, ისაუბრონ გამოწვევებზე და დასახონ სამომავლო გეგმები.
ახალგაზრდული ფორუმი, რამდენიმე ეტაპისგან შედგება, დაგეგმილია სხვადასხვა თემატური პანელები და სამუშაო ჯგუფები, სადაც ახალგაზრდებს შორის მოხდება გაანალიზება არსებული მდგომარეობის და რეკომენდაციების შემუშავება.
„ჩვენი ახალგაზრდები მიიღებენ რეკომენდაციებს, რომელიც აუცილებლად იქნება გათვალისწინებული მომავალში სამოქმედო გეგმაში, რათა შევქმნათ კიდევ უფრო, ეფექტური მექანიზმები ჩვენი ახალგაზრდებისთვის, როგორც საზოგადოებრივ – პოლიტიკური ასევე ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვისთვის“. – აღნიშნა აუდიტორიასთან სიტყვით მიმართვისას მერმა, მამუკა წოწერიამ.
ფორუმის მიზანია ახალგაზრდული საქმიანობის პოპულარიზაცია სამეგრელოში. ფორუმის ფარგლებში შეიქმნება პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს სამეგრელოს რეგიონში ახალგაზრდებთან მომუშავე სტრუქტურებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და სექტორთშორის დიალოგს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული პროგრამებისა და ინიციატივების მხარდაჭერისთვის ორგანიზაცია, World Vision საქართველოს წარმომადგენელმა მერს მამუკა წოწერიას მადლობის სიგელი გადასცა.
ახალგაზრდულ ფორუმზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგია 2022 -2026 წარადგინა. აღნიშნული დოკუმენტი #EU4Culture პროექტის ფარგლებში შემუშავდა.
ფორუმს ესწრებიან სამეგრელო-ზემო სვანეთს სამხარეო ადმინისტრაციის, სამეგრელოს რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობების, ასევე, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენლები და საქართველოს პარლამენტის წევრი.