მივიღეთ გაწევრიანების პერსპექტივა, აქამდე არავის მოუცია პირობა, რომ ამ პერსპექტივას მივიღებდით – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დღეს საქართველომ მიიღო ისეთი რამ, რაზედაც, ბოლო თვეებში ეს ყველაფერი რომ არ ყოფილიყო, არც ვიოცნებებდით.

„მე მინდა მოგმართოთ თქვენ, ვინც დღეს გაიგეთ ევროკომისიის რეკომენდაცია ისე, რომ საქართველო არ დგას იმ სამეულის ჯგუფში, რომელიც ჩვენ შევქმენით, და რაღაცნაირად ჩვენ ამ ჯგუფს ჩამოვრჩით. შეიძლება იყოთ იმედგაცრუებული. მე უფრო იმ კატეგორიას ვეკუთვნი, რომელიც გაბრაზებულია. ფაქტები იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ფარ-ხმალი უნდა ჩამოვყრათ. ეს არ არის ქართული ხასიათი, არც ქალების ხასიათი. მე თქვენი იმედი მაქვს, მოსახლეობის იმედიც მაქვს – ყველასი ვინც გუშინ იყო გამოსული ან სახლიდან გვიყურებდა. მე ვიცი, რომ თქვენც გრძნობთ – დღეს იმედგაცრუების ან წუწუნის დრო არაა. რაც დღეს მოგვივიდა, ეს არის გაფრთხილება. რაც მოგივა დავითაო, მხოლოდ შენი თავითაო. ჩვენი ბრალია – ჩვენ ვამბობთ რომ არ დავიმსახურეთ, მაგრამ დავიმსახურეთ. იმის მერე, რაც 30 წლის განმავლობაში გავაკეთეთ, ისე რომ ჩამოვრჩით ჩვენს ორ მეგობარ და პარტნიორს – ჩვენი ბრალია, აბა ვისი? რაც მთავარია, ევროპამ არ გადაგვაგდო და არ გვითხრა უარი. პირველ რიგში უნდა წავიკითხოთ რეკომენდაცია – იქ წერია, რომ მივიღეთ ისეთი რამ, რაზედაც, ბოლო თვეებში ეს ყველაფერი რომ არ ყოფილიყო, არც ვიოცნებებდით. მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, გაწევრიანების პერსპექტივა. ეს ჩვენთვის არავის უთქვამს აქამდე და არავის მოუცია პირობა, რომ ამ პერსპექტივას მივიღებდით. რომ არა უკრაინა და ახალი გარემოებები, ამას ვერ მივიღებდით, მაგრამ მივიღეთ ეს დაპირება და იმედი მაქვს, რომ ამას გაიმეორებს საბჭოც“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი