ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცაცხვის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე კოლხურ სამაროვანზე (ე. წ. ,,ცაიშის სამაროვანი“) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით საველე არქეოლოგიური კვლევა-ძიება მიმდინარეობს (ექსპედიციის ხელმძღვანელი, ისტორიის დოქტორი რ. პაპუაშვილი).
2005- 2007 წლებში, აქ ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად შესწავლილ იქნა გვიანბრინჯაო – ადრერკინის პერიოდის, ჩვენს წელთაღრიცხვამდე VIII – VII საუკუნეების კოლხური კულტურის ხანის ორი კოლექტიური სამარხი აკლდამა, სადაც გამოვლინდა უნიკალური და მრავალფეროვანი არტეფაქტი.
ამჟამად, სამაროვნის გავრცელების გეოგრაფიული არეალის დადგენა და ქრონოლოგიური ჩარჩოს ზუსტი განსაზღვრა მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ მიწის ზედაპირზე იკრიფება მრავალრიცხოვანი, სხვადასხვა პერიოდის კერაკიმიკული ნაწარმი. ამ ეტაპზე ჩატარებული არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგად დაფიქსირდა არაერთი მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ობიექტი, როგორიცაა სავარაუდოდ ადრეშუასაუკუნეების (V-VI ს.ს.) არქიტექტურული ნაგებობის საძირკველი, ინდივიდუალური სამარხი ორმოები, ერთ-ერთ მათგანში დაფიქსირდა ფულადი ერთეული ე.წ. ,,კოლხური თეთრი“, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნის მეორე ნახევრს განეკუთვნება და შესაბამისად ძეგლს კარგად ათარიღებს.
საველე არქეოლოგიურ კვლევა -ძიების პრაქტიკულ სწავლებაში აქტიურად არიან ჩართული შოთა მესხიას ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტის ისტორიის სპეციალობის სტუდენტები.
ასევე, საქართველოს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის ,,არქეოლოგია ახალგაზრდებთან ერთად“ ფარგლებში, მიმდინარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარდგენილი პროექტის ,,გავიცნოთ ცაიშის არქეოლოგიური მემკვიდრეობა“ (პროექტის ავტორი ლაშა ჯიქია) პრაქტიკული განხორციელება. კერძოდ, აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს საჯარო სკოლების უფროსკლასელთათვის არქეოლოგიურ ობიექტზე საველე პრაქტიკულ შემეცნებით სწავლებას.