საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, შინდისის გმირების მონუმენტის გახსნა სექტემბრისთვის იგეგმება, ხოლო მუზეუმის მშენებლობა უახლოეს ხანში დაიწყება.
ჯუანშერ ბურჭულაძემ დღეს შინდისის ბრძოლის 14 წლისთავთან დაკავშირებით გვირგვინით შეამკო მემორიალი და შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.
„14 წლის წინ აქ მოხდა ტრაგედია, თუმცა დღეს 14 წლის შემდეგ ჩვენ ვართ ამაყი ჩვენი გმირებით, მათი ოჯახის წევრებით. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი გმირების მშობლებს, ოჯახის წევრებს, რომ სამშობლოს გაუზარდეს ასეთი ადამიანები. მოხარული ვარ, რომ საზოგადოების უფრო დიდი ნაწილი იაზრებს ყოველ წელიწადს რა გმირობა ჩაიდინეს მათ ჩვენი სამშობლოსთვის, რა ღვაწლი აქვთ და ეს დღე დაწესდება, როგორც საზოგადოებისთვის ჩვენი გმირების ხსოვნის დღე. როგორც ინდივიდუალურ შემთხვევად გიორგი ანწუხელიძე არის საქართველოსთვის გამორჩეული გმირი, ასევე ჩვენი შინდისის გმირები არიან ძალიან გამორჩეული გმირები.
მოხარული ვარ, დღეს მოვისმინე მადლიერება ოჯახის წევრებისგან გამოთქმული. ჩვენ ერთ წელიწადში შევძელით, ფაქტობრივად დავასრულეთ მონუმენტი, ჩვენ ვგეგმავთ, რომ სექტემბერში გვექნება აღნიშნული მონუმენტის გახსნა. ჩვენ გვქონდა სხვა ვერსიაც მონუმენტის, ესკიზის, თუმცა ოჯახებთან შეთანხმებით, გადავწყვიტეთ შეგვენარჩუნებინა არსებული ესკიზი რაც გვქონდა. ფაქტობრივად დავასრულეთ. დღეს მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ შთაბეჭდილება ყველას შეგვქმნოდა, როგორ გამოიყურება მონუმენტი. მუზეუმსაც ვფიქრობთ, დავიწყებთ წელს და უახლოეს მომავალში დავასრულებთ“, – განაცხადა ბურჭულაძემ.
ცნობისთვის, რუსეთ-საქართველოს ომში, სოფელ შინდისში 17 ქართველი გმირულად დაიღუპა.