საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საზოგადოებას მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდებს და იძლევა რეკომენდაციას, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი ცეცხლის ან დაკვამლიანების დროს.

“ქვეყნის ტერიტორიაზე ტყის ხანძრების პრევენციის და შესაძლო გართულებების თავიდან აცილების მიზნით, მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს, ასევე, არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ.

გაითვალისწინეთ, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს თვითაალება შეუძლიათ, შესაბამისად, ნუ დაანაგვიანებთ გარემოს და ნუ შეუწყობთ ხელს ტყის ხანძრების გაჩენას.

დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112-ს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, უწყება ამინდის პროგნოზის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს:

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციით, 28 აგვისტომდე საქართველოში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. გარდა ამისა, ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან ერთად, კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთში, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, გორი-სურამის მონაკვეთზე და მთიანი რეგიონების ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარიცაა მოსალოდნელი, რაც კიდევ უფრო ზრდის ტყის ხანძრების გაჩენის რისკს”.

კომენტარები

დატოვე კომენტარი