რუხის სავაჭრო ცენტრში საპარტნიორო ფონდმა და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის” მორიგი პრეზენტაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონისთვის გამართა. პროგრამის კოორდინატორებმა რუხის სავაჭრო ცენტრში შეკრებილ რეგიონის მოსახლეობას პროგრამაში მონაწილეობის წესების და პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს.
პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე სახელმწიფო 11 მილიონ ლარს გამოყოფს, რომლითაც ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპები დაფინანსდება.
განაცხადების მიღება დაიწყო 2016 წლის 17 ივნისიდან და გაგრძელდება 31 ივლისის ჩათვლით. განაცხადის ფორმა, შევსების წესი და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსდა სპეციალურად შექმნილ ინტერნეტ გვერდზე www.startup.gov.ge. ასევე მოქმედებს სატელეფონო ცხელი ხაზი +995 322900030.
პროგრამის ორგანიზატორების ინფორმაციით, პროგრამის მიზანია მათ ვისაც არ აქვს ფინანსური სახსრები მიეცეთ უნიკალური შანსი განახორციელონ სიახლეზე ორიენტირებული ბიზნეს იდეები და დაიწყონ საკუთარი ბიზნესი.
პროექტების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით. „სტარტაპ საქართველოს“ შემდეგი პრეზენტაცია 13 ივლისს ქუთაისსა და ამბროლაურში გაიმართება.