სენაკის მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. სენაკის საკრებულოს მაჟორიტარ წევრს ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სამ საარჩევნო უბანზე აირჩევენ.
“შუალედური არჩევნების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია სამივე საარჩევნო უბანი. საარჩევნო კომისიების წევრებს გავლილი აქვთ შესაბამისი გადამზადება.
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა №64.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 2 307-ს შეადგენს.
შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 2 საარჩევნო სუბიექტი. საარჩევნო უბანზე ამომრჩევლები ერთ ბიულეტენს მიიღებენ.
არჩევნებს დააკვირდებიან როგორც საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები, ისე ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები. საარჩევნო პროცესს გააშუქებენ მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები.
პროცესის გამჭვირვალობის მიზნით ყველა საარჩევნო უბანზე გამოყენებული იქნება ხმის მიცემის მოდიფიცირებული კაბინები, განხორციელდება ხმის დათვლის პროცესის აუდიო-ვიდეოგადაღება, ვიდეომასალა აიტვირთება GOOGLE DRIVE-ის პლატფორმაზე.
საარჩევნო უბნები 06:45 საათზე გაიხსნა, კენჭისყრის პროცესი კი დილის 08:00 საათზე დაიწყო. ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
07:00 საათიდან მუშაობს ცესკოს კონტაქტ-ჰაბი – 2 51 00 51 და ჩატი; ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს საშუალება ექნებათ ინფორმაცია მიიღონ ვიდეოზარის მეშვეობით.
ასევე მუდმივ რეჟიმში მუშაობს მედიაცენტრი, სადაც მედიას და საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე.
შედეგები კენჭისყრის დასრულებისთანავე, ხმის დათვლის აპარატის საშუალებით გახდება ცნობილი, საიდანაც ამოიბეჭდება წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერი. აღნიშნულ უბნებზე ბიულეტენებს ასევე დაითვლიან საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებიც.
მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ მხარეებს, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირებაში“, – ნათქვამია ცესკო-ს განცხადებაში.