ევროკავშირი უკრაინის ქალაქებზე რუსეთის საშინელ თავდასხმებს გმობს და აცხადებს, რომ მშვიდობიან მოსახლეობაზე სარაკეტო თავდასხმა ომის დანაშაულია.
„მშვიდობიანი მოქალაქეების რაკეტების სეტყვის მიზანში ამოღება სიტუაციის შემდგომი ესკალაციაა. ევროკავშირი უმკაცრესად გმობს ამ საზარელ თავდასხმებს მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ეს არის ის, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს და მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღება ომის დანაშაულია“, – განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ.
ცნობისთვის, რუსეთი უკრაინის ქალაქებს, მათ შორის დედაქალაქ კიევს ბომბავს. ოკუპანტებს სარაკეტო იერიში მიაქვთ მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზეც. ამ დროისთვის რუსეთმა უკრაინის მიმართულებით, სულ მცირე, 75 რაკეტა გაუშვა, აქედან 41 უკრაინელებმა გააუვნებელყვეს. რუსულ ავიაიერიშს არსებული ინფორმაციით, 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.