თუ სააკაშვილი ციხეში დაიღუპება, საქართველოს ხელისუფლება ამას ვერასდროს ჩამოირეცხავს – არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის ნელი განადგურება გადაწყვიტა.

„სააკაშვილი თავისი სურვილით ჩავიდა საქართველოში და ხელისუფლების ხელში ჩაუვარდა. მისი მოკვლის ეშინიათ, გადაცემისაც ეშინიათ, ამიტომ გადაწყვიტეს, ნელა განადგურება. მით უმეტეს, რომ ამის დამტკიცება ძალიან რთული იქნება. ისინი იტყვიან, რომ რას ამბობთ, გავაკეთეთ ყველაფერი, დავიცავით ყველა ნორმა, ექიმი დღეში ორჯერ მიდიოდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ“, – აღნიშნა არესტოვიჩმა.

მისი თქმით, სააკაშვილი ისეთი მასშტაბის ფიგურაა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მყოფ ყველა ადამიანს გადაწონის, ეშინიათ მისი და არ იციან, როგორ მოიქცნენ.

კითხვაზე, უნდა ჩაერიოს თუ არა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, არესტოვიჩმა უპასუხა, რომ არ იცის, შეუძლია თუ არა ამ სიტუაციაში რაიმეს გაკეთება პრეზიდენტ ზელენსკის, “ეს მისი გადასაწყვეტია”.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობას შესთავაზებდა, რომ სააკაშვილი მესამე ქვეყანას გადასცენ.

„იმ ინფორმაციით, რაც მე მაქვს, შევთავაზებდი მის გადაყვანას მესამე ქვეყანაში, მაგალითად, ავსტრიაში, რათა სრულფასოვანი მკურნალობა ჩაუტარდეს. ერთის მხრივ, ეს საშუალებას მისცემს ქართულ მხარეს სამართლიანობის უზრუნველსაყოფად, მაგრამ ასევე მისი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის. ამას ვთავაზობ ქართულ მხარეს, რადგან მათ არ უნდათ, რომ ციხეში მოკვდეს, ამის შემდეგ გაასამართლონ, მაგრამ გადასცენ მესამე მხარეს. ამით თქვენ თავიდან აიცილებთ ეჭვს, რომ თქვენ ის მოწამლეთ ან გინდათ სიკვდილამდე მიიყვანოთ. ასე რომ, მოდით – სრულყოფილი მკურნალობა პლუს სამართლიანობა“, – აღნიშნა არესტოვიჩმა.

მისი თქმით, თუ სააკაშვილი ციხეში დაიღუპება, ამას საქართველოს ხელისუფლება ვერასდროს ჩამოირეცხავს.

„თუკი ის ციხეში დაიღუპება, მოდით პირდაპირ ვთქვათ, საქართველოს ხელისუფლება ამას ვერასდროს ჩამოირეცხავს, როგორი მტკიცებულებებიც არ უნდა წარმოადგინონ, რომ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ არ დაღუპულიყო“, – აღნიშნა არესტოვიჩმა.

წყარო: ipn

კომენტარები

დატოვე კომენტარი