მიხეილ სააკაშვილი ინვალიდის ეტლში ზის და ორ ნაბიჯსაც ვერ დგამს, ეს საშუალო სიმძიმის პაციენტია? – გიული ალასანია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას თქმით, მისი შვილი ეტლით გადაადგილდება და მისი მდგომარეობა კლინიკაში შესვლიდან დღემდე, ძალიან შეიცვალა.

„ჩემთვის სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა მაინცდამაინც დამაჯერებელი არ არის. მათ მოსაზრებას უამრავი არგუმენტი სჭირდება. ის, რასაც მანამდე სხვა ექიმებისა და ექსპერტებისაგან თვეების განმავლობაში ვისმენდით, ყველაფერი დასაბუთებული იყო. ყველას გვარი და სახელი ვიცოდით. გვახსოვს, რამდენი კონსილიუმი შეიქმნა, რამდენად მაღალი დონის პროფესიონალებმა მიიღეს მონაწილეობა. გარდა უცხოელი ექსპერტებისა, საქართველოდან ძალიან მაღალი დონის სპეციალისტები იყვნენ და ისინი შეთანხმდნენ იმ დიაგნოზებზე, რომლებიც დღეს გვაქვს.

გარდა ამისა, გვახსოვს, მიხეილ სააკაშვილი ამ დაწესებულებაში რა მდგომარეობით შემოვიდა. ფეხზე იდგა და ნორმალური ადამიანი იყო. ახლა ინვალიდის ეტლში ზის, ორ ნაბიჯსაც ვერ დგამს და მე მეუბნებით, რომ ეს საშუალო სიმძიმის პაციენტია?“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

მისი თქმით, ის ენდობა პროფესიონალებს, რომლებმაც „ემპათიას“ მიერ მომზადებულ დასკვნას ხელი მოაწერეს.

„ამ დასკვნას ძალიან ბევრმა პროფესიონალმა მოაწერა ხელი და იმ ექიმებს მე ძალიან ვენდობი“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ცნობისთვის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიის“ მიერ გამოტანილი დიაგნოზები სარწმუნო და უტყუარი არ არის.

იუსტიციის მინისტრის განმარტებით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ უშუალოდ დასკვნა შეისწავლა, რომელიც ცენტრმა „ემპათიამ“ მოამზადა და ამის საფუძველზე მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი