საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით სლოვენიაში იმყოფება

საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით სლოვენიის რესპუბლიკაში იმყოფება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი ლიუბლიანას პირველ ლედისთან, მაკა ჩიჩუასთან და საქართველოს დელეგაციასთან ერთად დღეს ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილი  სლოვენიის პრემიერ-მინისტრს მირო ცერარს, შეხვდება, ასევე, სლოვენიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს მილან ბრგლეზს, ქალაქ ლიუბლიანას მერს ზორან იანკოვიჩს და ქალაქ პირანის მერს პიტერ ბოსმანს.

დაგეგმილია შეხვედრა სლოვენიის რესპუბლიკის ინფრასტრუქტურის მინისტრ პიტერ გასპერსიჩთან. შეხვედრის შემდეგ ორმხრივი დოკუმენტების – შეთანხმებების ხელმოწერის ცერემონია გაიმართება, რომელიც საქართველოსა და სლოვენიას შორის ეკონომიურ თანამშრომლობას და სამუშაო პასპორტების მქონე პირთა ვიზების გამარტივებას ეხება.

ქვეყნის პირველი პირის და პირველი ლედის პატივსაცემად სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბორუტ პაჰორის და ტანია პეჩარის სახელით ოფიციალური სადილი გაიმართება.

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი სლოვენიის რესპუბლიკაში ხვალ დასრულდება.

საქართველოსა და სლოვენიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის 18 იანვარს დამყარდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი