“გაერთიანებული ოპოზიციის” მაჟორიარობის კანდიდატი ზუგდიდში ოთარ ჭითანავაა

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – გაერთიანებულმა ოპოზიციამ” ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ოთარ ჭითანავა წარადგინა. ჭითანავა პარტია “თავისუფალი საქართველოს” წევრია. ის 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე კენჭს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის პოსტზე ბლოკიდან „არასაპარლამენტო ოპოზიცია – კუკავა, ჩიხრაძე” იყრიდა.

ოთარ ჭითანავა 1972 წლის 31 ივლისს, ზუგდიდში დაიბადა. 1993 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი. 2001 წელს დაამთავრა ეკონომიკისა და სოციალური პრობლემების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი. 2007 სწავლა განაგრძო მოსკოვში, საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ აკადემიაში. არის ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი.

1995 წლიდან მუშაობდა სახელმწიფო კანცელარიაში სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის სახელმწიფო მრჩევლად. პარალელურად მუშაობდა ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამის (ტასისი) პროექტში „სახელმწიფო სამსახურის რეფორმა და მოხელეების მომზადება.

1998 წლიდან 2001 წლამდე იყო კომპანია რაოესის წარმომადგენელი საქართველოში.

2001 წლიდან 2004 წლამდე ენერგეტიკის სამინისტროში საერთაშორისო ურთიერთობების და ტრანზიტული გადაზიდვების დეპარტამენტის დირექტორის პოზიცია ეკავა. 2011 წლიდან 2 წლის მანძილზე მუშაობდა პარტიულ თანამდებობებზე სალომე ზურაბიშვილთან, გაერთიანებულ ოპოზიციაში. ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი