ცნობილია “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატების სია სამეგრელო-ზემო სვანეთში

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პოლიტსაბჭოს სხდომა, რომელზეც ხვალ სამეგრელო-ზემო სვანეთში წარსადგენ მაჟორიტარობის კანდიდატებზე იმსჯელეს, ამ დრომდე გრძელდება. თუმცა, უკვე ცნობილი ხდება კანდიდატების სია, რომელიც შესაძლოა, კიდევ შეიცვალოს.

“newsportal.ge”-ს ინფორმაციით, მმართველი პარტია ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარად ხვალ მერაბ ქვარაიას კანდიდატურას წარადგენს, რომელიც ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს იკავებს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარად კი რაიონის გამგებლის ედიშერ თოლორაიას კანდიდატურას.

აბაშა-მარტვილის საარჩევნო ოლქში მმართველი გუნდის ქვოტით სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია იბრძოლებს, სვანეთში მოქმედი დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე, წალენჯიხა-ჩხოროწყუს ოლქში კი წალენჯიხის გამგებელი გოგ გულორდავა.

ხობში მაჟორიტარობისთვის გოდერძი ბუკია იბრძოლებს, რომელიც წინა საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარი “ნაციონალური მოძრაობის” ქვოტით გახდა, მოგვიანებით კი პარტია დატოვა და დამოუკიდებელი დეპუტატობის შესახებ განაცხადა.

ქალაქ ფოთში “ქართული ოცნების” ქვოტით კენჭისყრას ბიზნესმენი ირაკლი ხახუბია აპირებს, რომელიც თავის დროზე ასევე “ნაციონალურ მოძრაობასთან” იყო დაკავშირებული და პარტიის ერთ-ერთი შემომწირველიც გახლდათ. ხახუბია თენგიზ სარიშვილის მძახალია, რომელიც 2012 წელს ეკა ბესელიას “ნაციონალური მოძრაობიდან” უწევდა კონკურენციას.

სენაკში პარტია კანდიდატად “ოცნების” შტაბის უფროსის დემურ გადელიას წარდგენას გეგმავდა, თუმცა ცნობილი ხდება, რომ არჩევანი გუბერნატორის მაოდგილე კახაბერ რუსიასა და სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროს ირაკლი ბერაიას შორის გაკეთდება.

კანდიდატების წარდგენა ზუგდიდში 23 ივლისს 20:00 საათისთვის იგეგემება, მანამდე კი კონცერტი გაიმართება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი