ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს აღუკვეთეს თავისუფლება უკანონოდ. საქონლის მოსაყვანად სახლიდან გასული 52 წლის მევლუდ ლაღოშვილი, სოფელ ტახტისძირის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს. ის ცხინვალის იზოლატორში იმყოფება.
მევლუდ ლაღოშვილის შვილი, “კურიერს” უყვება, რომ მამის დაკავების შესახებ ტელეფონით მაშინ შეიტყო, როცა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მას ოჯახში დარეკვის უფლება მისცეს.
მევლუდ ლაღოშვილის ნათესავები და მეზობლები ამბობენ, რომ ლაღოშვილი საღამოს ჯერ თავის მიწის ნაკვეთში იმყოფებოდა, შემდეგ კი საქონლის მოსაყვანად წავიდა. კვალი სწორედ იქ დაიკარგა, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ 52 წლის მევლუდ ლაღოშვილი საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს.
მევლუდ ლაღოშვილისა და მასთან ერთად საქართველოს კიდევ 6 მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლება იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც ქართულმა მხარემ დღეს ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე დააყენა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შეტყობინების მიღებისთანავე გაააქტიურა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული “ცხელი ხაზი”, ფაქტის შესახებ კი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს აცნობა.
ერგნეთში გამართულ რიგით 115-ე შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ერთ-ერთ საკითხად ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტებიც წარადგინა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება.