ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ლუგელას ხეობაში, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას უწყება ავრცელებს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტმა შემთხვევაზე მყისიერი რეაგირება მოახდინა და ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდა. მეხანძრე-მაშველებმა რამდენიმე საათიანი უწყვეტი სამუშაოების შედეგად, ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საშიშროება აღკვეთეს, შემდგომში კი ხანძრის სრულად ლიკვიდირება შეძლეს.
ამასთან, უწყება აღნიშნავს, რომ ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართული იყო 150-მდე მეხანძრე-მაშველი, დრონები და სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი.
მათივე ინფორმაციით, ამ დროისათვის, ცეცხლის ღია კერები აღარ შეინიშნება და მეხანძრე-მაშველების მიერ მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება.