რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ, სოფელ კირბალთან, საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობის ბრიფინგით გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.
“მინდა, მივუსამძიმრო თამაზ გინტურის ოჯახს და, ამ ოჯახთან ერთად, მინდა, მივუსამძიმრო სრულიად საქართველოს, რამეთუ არ მთავრდება რუსეთის საუკუნოვანი პოლიტიკა – ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა, გატაცება ჩვენს ტერიტორიაზე… ამას ჰქვია რუსეთის “მშვიდობიანი პოლიტიკა.” ჩვენი პასუხი ამ პოლიტიკაზე არის ერთი და მხოლოდ ერთი – ეს არის ევროპა, მშვიდობა და მშვიდობა ევროპაში.
ხვალ იქნება ევროკავშირის კომისიის დასკვნა, რომელიც ჯერ არ არის გადაწყვეტილება, მაგრამ ეს დასკვნა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვაპირებდით ხვალ, 8-ში, 8 საათზე, დიდ ღონისძიებასა და დიდ კონცერტს. რადგან რუსეთმა სცადა, კიდევ შეგვიცვალოს ჩვენი დღის წესრიგი და ჩვენ, მართლაც მიგვაჩნია, რომ არ შეიძლება არანაირი კონცერტი. ჩვენ შევცვალეთ ხვალინდელი ღონისძიების სახე, მაგრამ არა მისი არსი. ჩვენ ხვალ შევიკრიბებით და კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ ჩვენი მომავალი არ არის რუსეთში და ჩვენ გვექნება დიდი გზავნილი ევროპისკენ. დავიწყებთ, როგორც ვაპირებდით, ხელმოწერების კამპანიას, რამეთუ რუსეთი ამიერიდან ვერასოდეს შეგვიცვლის დღის წესრიგს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალქე მოკლეს.