ჩვენ ყველამ ერთად ავიხდინეთ ერთი მთავარი ოცნება, საქართველო გახდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის ისტორიულ ნაბიჯზე ისაუბრა და ასევე, ხელისუფლების დამსახურებას გაუსვა ხაზი.

“ჩვენ ყველამ ერთად მივაღწიეთ ძალიან დიდ წარმატებას ამ წელს და ჩვენ ყველამ ერთად ავიხდინეთ ერთი მთავარი ოცნება. საქართველო გახდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ხელისუფლებისა და ხალხის, ერთობლივი მუშაობის ძალიან დიდი მიღწევა.

პრემიერმა გაიხსენა 2012 წლამდე არსებული ვითარებაც და თქვა, რომ 11 წლის წინ საქართველო ყოველ დღიურად შორდებოდა ევროპას და ყალიბდებოდა როგორც ავტორიტარული დიქტატორული რეჟიმი. დღეს კი, ქვეყანა დემოკრატიზაციის განვითარების კუთხით მსოფლიო ათეულშია.

“დღეს, 11 წლის თავზე ჩვენი ქვეყანა არის ევროკავშირის კანდიდატი წევრი სახელმწიფო. მინდა შევაფასო რამდენიმე სიტყვით ის ხელშესახები შედეგი, რომელსაც მიაღწია “ქართულმა ოცნებამ”. ჩვენი ხელისუფლების დროს დაიწყო ასოცირებაზე მუშაობა, გაფორმდა ხელშეკრულება, შემდეგ თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან, უვიზო რეჟიმი, რომელიც წარმოუდგენელი იყო 2012 წლამდე და რა თქმა უნდა, ამ დიდი სამუშაოსა და ძალისხმევის დაგვირგვინება იყო კანდიდატის სტატუსი, რომელსაც ჩვენ ყველამ ერთად მივაღწიეთ. ეს რა თქმა უნდა, თავისით არ მოხდებოდა. ეს დამოკიდებული იყო იმ დიდ გარდატეხაზე, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია 2012 წლეს. ის დემოკრატიული გარდატეხა და ის წინსვლა, რომელიც მოიტანა ბიძინა ივანიშვილის მმართველობამ, “ქართულმა ოცნებამ“ და მთლიანად ჩვენმა გუნდმა, მმართველმა პარტიამ. ეს გზა გრძელდება და კიდევ უფრო მეტ ხელშესახებ შედეგს მოიტანს ჩვენი ქვეყნის განვითარების გზაზე” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი