პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება დაეკისრება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს − ლევან დავითაშვილს; თეა წულუკიანს, კულტურისა და სპორტის მინისტრს, დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა; აგრეთვე ირაკლი ჩიქოვანს, თავდაცვის მინისტრს, დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი მიხეილ ფეიქრიშვილი გახდება.
ირაკლი კობახიძემ ირაკლი ღარიბაშვილს 3 წლის განმავლობაში მთავრობის მეთაურობისთვის მადლობა გადაუხადა, მთავრობის ახალ შემადგენლობას კი წარმატებები უსურვა.
„მოგესალმებით, დღეს იმართება მთავრობის პირველი სხდომა ახალი შემადგენლობით. მინდა ყველას წარმატებები გისურვოთ. წინა წლების განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა თითოეული თქვენგანის მონაწილეობით ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და ამისთვის კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ. ასევე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს 3 წლის განმავლობაში მთავრობის მეთაურობისთვის და ძალიან ბევრი რამის გაკეთებისთვის ჩვენი ქვეყნისთვის.
რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილება მინდა გავაცნო საზოგადოებას. უკვე ცნობილია პრინციპში, რომ პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება დაეკისრება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს − ბატონ ლევან დავითაშვილს, მას წარმატებები მინდა ვუსურვო. ქალბატონ თეა წულუკიანს, კულტურისა და სპორტის მინისტრს, დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა; აგრეთვე ბატონ ირაკლი ჩიქოვანს, თავდაცვის მინისტრს, დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება. გვაქვს ცვლილება ასევე მთავრობის ადმინისტრაციაში. მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი გახდება ბატონი მიხეილ ფეიქრიშვილი. თითოეულ თქვენგანს მინდა წარმატებები ვუსურვო“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერმა მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა სტიქიისა და უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილების ახლობლებსა და ოჯახის წევრებს.
მთავრობის მეთაურის თქმით, სტიქიის შედეგად დაახლოებით 400 საცხოვრებელი სახლი დაიტბორა, აქედან 300-ზე მეტ შემთხვევაში დასრულდა ამოტუმბვის სამუშაოები და საბოლოო დასკვნის მომზადებამდე უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 296 ოჯახი.
„გასული კვირა იყო ძალიან მტკივნეული ჩვენთვის. სტიქიამ, ასევე უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა 14 ადამიანის სიცოცხლე. კიდევ ერთხელ გამოვთქვამ სამძიმარს დაღუპულთა ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ. ადგილზე გავეცანი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს და მინდა აღვნიშნო, რომ როგორც სახელმწიფო უწყებებმა, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააკეთეს ძალიან ბევრი რამ, იმოქმედეს ძალიან სწრაფად, ძალიან მალე აღდგა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდება ასეულობით სოფლისთვის, სადაც იყო პრობლემა სტიქიის გამო. ასევე სწრაფად გაიწმინდა საავტომობილო გზები, აღდგა საავტომობილო მოძრაობა შესაბამის მონაკვეთებზე. დაახლოებით 400 საცხოვრებელი სახლი იყო დატბორილი, სადაც 300-ზე მეტ შემთხვევაში დასრულდა ამოტუმბვის სამუშაოები. საბოლოო დასკვნის მომზადებამდე უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 296 ოჯახი. ასევე შეფასდა ზარალი, მზადდება სათანადო დოკუმენტაცია იმისათვის, რომ გაიცეს კომპენსაციები, ანაზღაურება შესაბამის ოჯახებზე. საჭიროების შემთხვევაში ამისათვის ცენტრალური ბიუჯეტიდანაც იქნება გამოყოფილი რესურსები. მინდა მადლობა გადავუხადო შესაბამის სამინისტროებს, ვინც ყველაზე აქტიურად იყო ჩართული სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში. ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, გარემოს დაცვის სამინისტრო, ასევე მადლობა მინდა ვუთხრა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მაშველებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ სამუშაოებში იყო ჩართული“, – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა მთავრობის სამომავლო საქმიანობაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა უნდა იყოს მაგალითის მიმცემი ყველასთვის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით.
„ზოგადად, ჩვენი ქვეყანა დგას სერიოზული გამოწვევების წინაშე. გვჭირდება ჩვენი ეკონომიკის სწრაფი განვითარება, დაწყებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების ბოლომდე მიყვანა; გვჭირდება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის, უსაფრთხოების კიდევ უფრო მეტად გაძლიერება; განათლების, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის სისტემების კიდევ უფრო მეტად გაძლიერება; ასევე ზრუნვა კულტურაზე, სპორტზე, ახალგაზრდობის მიმართულებით, აგრეთვე ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პოზიციების კიდევ უფრო მეტად გაძლიერება არის, ბუნებრივია, საჭირო.
იმისათვის, რომ მაქსიმალურ შედეგებს მივაღწიოთ, ჩვენი საქმიანობა, მთავრობის საქმიანობა, უნდა ეფუძნებოდეს ძალიან მყარ პრინციპებს. პირველ რიგში, მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა უნდა იყოს მაგალითის მიმცემი ყველასთვის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით. ჩვენი თითოეული გადაწყვეტილება უნდა იყოს მაქსიმალურად ღია მოქალაქეებისთვის და იმავეს მოვითხოვთ ყველა სხვა სახელმწიფო უწყებისგან.
ასევე ჩვენ მუდმივად უნდა ვიზრუნოთ ჩვენ მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხის მუდმივად გაუმჯობესებაზე, ხარვეზების მინიმუმამდე დასაყვანად უნდა გავაძლიეროთ ხარისხის კონტროლის და ზედამხედველობის ყველა შესაბამისი მექანიზმი, იგივე ეხება საზოგადოებრივი მომსახურების ხარისხს, აქაც მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ ჩვენი მოქალაქეების პრეტენზიები სერვისების ხარისხთან დაკავშირებით.
ზოგადად, გადაწყვეტილებები ყველა თემასთან დაკავშირებით უნდა იყოს მიღებული საზოგადოებასთან, სპეციალისტებთან, დარგის წარმომადგენლებთან ძალიან ფართო კონსულტაციების საფუძველზე. ყოველთვის, როცა ვიღებთ გარკვეულ გადაწყვეტილებას, საზოგადოებას მაქსიმალურად ფართოდ უნდა განვუმარტოთ ამ გადაწყვეტილების შინაარსი, მიზეზები. ეს უნდა იყოს ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი სახელმძღვანელო პრინციპი.
ერთ-ერთი აქტუალური საკითხი არის კლინიკური საავადმყოფოს საკითხი და ამ შემთხვევაშიც გვჭირდება შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან, ექიმებთან, საავადმყოფოს კოლექტივთან აქტიური კონსულტაციები იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში, სათანადო გადაწყვეტილებები მივიღოთ“, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანას აქვს კარგი შედეგები კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით.
„ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შედეგები კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, რასაც ძალიან ბევრი საერთაშორისო კვლევაც ადასტურებს, თუმცა აქაც ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მაღალი ამბიციები უნდა გვქონდეს და ჩვენ უნდა გვქონდეს იმის ამბიცია, რომ ამ თვალსაზრისით ვიყოთ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის, რაც არის აბსოლუტურად რეალისტური ამოცანა. მთავარია, რომ აქტიურად ვიმუშაოთ ამ ყველაფერზე. ზოგადად, ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი სამთავრობო გუნდი და დარწმუნებული ვარ, რომ ერთად ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწევთ. ყველაფერი არის ჩვენი მიზანდასახულობის, პრინციპულობის, თანმიმდევრული საქმიანობის, შრომისმოყვარეობის საქმე, რაც არცერთ თქვენგანს არ აკლია. კიდევ ერთხელ მინდა გისურვოთ წარმატებები, დიდი მადლობა, შეგვიძლია გადავიდეთ სამუშაო რეჟიმზე“, – განაცხადა პრემიერმა.