დააკავეს პირი, რომელმაც თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯამში 3 223 841 ლარის გადახდას

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. უწყება ამბობს, რომ მან თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯამში 3 223 841 ლარის გადახდას.


“საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, დაკავებულ იქნა ერთი პირი.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს, სხვადასხვა პირზე რეგისტრირებული ჰქონდა კომპანიები, რომლის ფაქტობრივი ხელმძღვანელიც თავად იყო. უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებული ხსენებული კომპანიების სახელით სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას, 2021-2022 წლების პერიოდში, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდა შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რა გზითაც, მან თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯამში 3 223 841 ლარის გადახდას.


გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი