ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს, მე არცერთი უკანონო გადაწყვეტილება არ მიმიღია – ღარიბაშვილი

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მისი პრემიერ-მინისტრობის დროს მიღებული ყველა გადაწყვეტილება სრულად იყო კანონთან შესაბამისობაში.

“ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს, მე არცერთი უკანონო გადაწყვეტილება არ მიმიღია, ყველა გადაწყვეტილება იყო სრულად კანონის შესაბამისობაში და არცერთი გადაწყვეტილება არ მიმიღია, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს შეეწინააღმდეგებოდა. არანაირი ინფორმაცია არასდროს დამიმალავს.

ჩემი პოზიცია იყო შემდეგი, ძალიან მარტივად, გულწრფელად აგიხსნით: როდესაც მე მომმართავდა კითხვით ყველაზე კორუმპირებული, ყველაზე დახურული, ანტიევროპული, ანტიქართული, ყოფილი ხელისუფლების – “ნაცმოძრაობისა” და მისი სატელიტების წარმომადგენლები და ამა თუ იმ ინფორმაციას ითხოვდნენ, მე მქონდა პროტესტი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი პოლიტიკური იყო და, ბუნებრივია, ჩვენი რეაგირებაც იყო შესაბამისი. რა თქმა უნდა, ჩვენ პასუხს ვცემდით, კანონის შესაბამისად ვიქცეოდით, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ამის ვალდებულება არ არსებობდა.

მოგეხსენებათ, რომ არსებობს შესაბამისი საბჭო, ღია მმართველობის საბჭო და საქართველო შეუერთდა, ჯერ კიდევ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის დროს. ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით, მსოფლიოში პირველ ადგილზე იყო საქართველო ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს. მთავრობის ეფექტიანობის, მთავრობის კეთილსინდისიერების, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით – ყველა მიმართულებით, ჩემი მთავრობა, ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს, იყო მოწინავე პოზიციებზე.

რაც შეეხება განკარგულებების გამოქვეყნებას – ამაზე ჩვენ გვქონდა ისედაც საუბარი, ჯერ კიდევ პრემიერი ვიყავი, როდესაც დეკემბერში გაიმართა საჯარო მმართველობის ფარგლებში და მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში, მათივე ნებით და სურვილით, მათი გადაწყვეტილებით, უბრალოდ არ იმართებოდა ეს საბჭო, არ მონაწილეობდნენ. მათ გამოაცხადეს საბოტაჟი, მოგვწერეს პრეტენზიებით სავსე წერილი და თქვეს, რომ ისინი აღარ მიიღებდნენ მონაწილეობას. აქედან გამომდინარე, შეწყვეტილი იყო საბჭოს მუშაობა ბოლო 2 წლის განმავლობაში. ბოლოს განახლდა ეს, თუ არ ვცდები, ნოემბერში თუ დეკემბერში იყო მიმოწერა და ეს პროცესი გაგრძელდება,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი