ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა შესაბამისი ნებართვის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტი გამოავლინა.
უწყების ცნობით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შესაბამისი ნებართვის გარეშე, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, აჭარის რეგიონში პასუხისგებაში მიეცა ორი პირი.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, საცხოვრებელ სახლში, მოწყობილი ჰქონდათ სათამაშო ბიზნესის ობიექტი, საიდანაც, შესაბამისი სავალდებულო ნებართვის გარეშე, ინტერნეტის მეშვეობით, საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედ ინტერნეტკაზინოების ვებგვერდებზე გადაიცემოდა სხვადასხვა სახის აზარტული გათამაშების პროცესი.
დადგენილია, რომ, ობიექტის ლეგალურად ფუნქციონირების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტში, სანებართვო მოსაკრებლის სახით, უნდა შესულიყო 100 000 ლარი.
გამოძიების პროცესში, ბიუჯეტზე მიყენებული ზიანი სრულად დაიფარა.
აღნიშნული კატეგორიის დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით,”- აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.