ზესტაფონის შემოვლითი მაგისტრალური გზით სარგებლობა მოქალაქეებს მაისის თვიდან შეეძლებათ.
ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის თქმით, მაისიდან, ავტოტრანსპორტს აღარ მოუწევს ქალაქ ზესტაფონში შესვლა და ისარგებლებს ზესტაფონის შემოვლითი, ახალი 4 ზოლიანი გზით, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალს არგვეთას კვანძთან შეუერთდება.
„დასკვნით ფაზაშია რიკოთის შემადგენელი შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი, სადაც გაჭრილი და მოსახულია პროექტით გათვალისწინებული ათივე გვირაბი, 17 ხიდიდან აშენებულია 15 ხიდი და მიმდინარეობს 2 ხიდზე კოჭების მოწყობა, საფარის, საინჟინრო სისტემების და სხვა სამონტაჟო სამუშაოები. შესაბამისად, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი გზით მოსახლეობა მაისიდან ისარგებლებს. ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც კომფორტულ და შეუფერხებელ გადაადგილებას, ისე საგზაო უსაფრთხოების სტანდარტის გაზრდას. ბუნებრივია, გზის დარჩენილ მონაკვეთზე გაგრძელდება სამუშაოები“- აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.