გალში გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი განიხილეს

გალში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი განიხილეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის დავით კობახიძის ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე გაგრძელდა 19 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში საოკუპაციო ხაზზე განლაგებული ე.წ. „მესაზღვრის” მიერ საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხის განხილვა. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების პოზიცია უცვლელია, ქართულმა მხარემ საოკუპაციო ძალისა და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებისგან კიდევ ერთხელ მოითხოვა განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი, რათა ის წარსდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე.

დავით კობახიძის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით ამ ეტაპზე აფხაზური მხარე უარს აცხადებს და მისი მხრიდან ადგილი აქვს საკითხის პოლიტიზების მცდელობას. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ითხოვენ გარკვეული სახის იურიდიულ თანამშრომლობას, რაც ქართული მხარისთვის მიუღებელია.

მისივე თქმით, შეხვედრაზე  ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველების პრობლემები განიხილეს, მათ შორის თავისუფალი გადაადგილების და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვები. ქართული მხარის ინფორმაციით, არსებობს მინიშნებები გარკვეული სახის პროვოკაციული ქმედებების შესახებ, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ადგილზე სტაბილურობას და უსაფრთხოებას. აღნიშნული ინფორმაცია ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარეს.

ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გრძელდება მუშაობა უკანონო პატიმრობაში მყოფი გიორგი ლუკავას გათავისუფლების საკითხზე.

კომენტარები

დატოვე კომენტარი