ოპოზიცია თვითლიკვიდაციის გეგმით მოქმედებს – კობახიძე

სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციისათვის მანდატის შესაძლო შეწყვეტის თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ნებისმიერი მცდელობა, ქვეყანას რაიმე ზიანი მიაყენონ, წარუმატებლობისთვის არის განწირული – ეს ეხება როგორც ოპოზიციას, ასევე მათ მფარველებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

როგორც კობახიძემ მედიასთან აღნიშნა, მან არ იცის, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, თუმცა დასძინა ისიც, რომ ასეთი გადაწყვეტილება სამწუხარო იქნება.

„ვერ გეტყვით, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. რაც შეეხება ოპოზიციის მოქმედებას, მათი მოქმედებები თავიდან ბოლომდე გარედან არის კოორდინირებული ისეთი სუბიექტების მიერ, ვისაც ქვეყნის წინსვლა და განვითარება არ სურთ, თუმცა მთელი ოთხი წლის განმავლობაში მიზანს ვერ აღწევენ. ამ შემთხვევაშიც მათი ნებისმიერი მცდელობა, რომ ქვეყანას რაიმე ზიანი მიაყენონ, წარუმატებლობისთვის არის განწირული – ეს ეხება როგორც ოპოზიციას, ასევე მათ მფარველებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კობახიხის შეფასებით, ოპოზიცია თვითლიკვიდაციის გეგმით მოქმედებს. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ქმედებები, რასაც ოპოზიცია არჩევნების შემდეგ ახორციელებს, არის თვითლიკვიდაცია და საკუთარი პოზიციების დასუსტება.

“ეს არის კარგი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული სისტემის განვითარებისათვის – რაც ნაკლები იქნება რადიკალური პარტიები და რადიკალიზმი ქვეყანაში, დემოკრატიული სისტემა მით უფრო სწრაფად განვითარდება. ჩვენი ოპოზიციის დასუსტებას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით“, – განაცხადა კობახიძემ.

წყარო: ipn

კომენტარები

დატოვე კომენტარი