საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარიზში ღონისძიების – „შეხვედრა დემოკრატიისთვის“ მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
„უპირველეს ყოვლისა, მადლობა საფრანგეთს, რომ დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის გლობალური ბრძოლის ავანგარდში დგას.
თქვენ ახლახან მოისმინეთ ხმა უკრაინიდან. საქართველოს ხმა დიდად არ განსხვავდება, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ არ ვართ ამ შემზარავ ომში, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს. მაგრამ ჩვენ გვაქვს საერთო გამოცდილება და უკრაინას, ისევე როგორც საქართველოს, შეუძლია, ძალიან ვრცლად მოგიყვეთ, რა არის რუსეთი სინამდვილეში, რისი დავიწყების სურვილიც დროდადრო ჩნდება. ჩნდება იმის დაჯერების სურვილი, რომ ის ნორმალური სახელმწიფოა, ნორმალურია მეზობლებთან, ნორმალურია საკუთარ მოსახლეობასთან… და ისევ არა!
უკრაინასაც და საქართველოსაც ბევრი მსგავსი გამოცდილება აქვთ – რუსული აგრესია საქართველოში 2008 წელს და რადგან ამასთან დაკავშირებით არ იყო საკმარისი რეაქცია, მას მოჰყვა 2014 წელს აგრესია ყირიმში და 2022 წლის აგრესია, რომელიც დღემდე გრძელდება.
უკრაინაში რუსეთმა წარმატებას ვერ მიაღწია. პირიქით, ვლადიმერ პუტინმა კიევის აღება სამ დღეში ვერ შეძლო. მან ვერაფერს მიაღწია, ვერც სამხედრო წარმატებებს. რუსეთის პრესტიჟი დისკვალიფიცირებულია, სტრატეგიული მიზნები – მიუღწეველი. მუდმივად იცვლებიან სამხედრო ლიდერები, განიცდის მატერიალურ დანაკარგებს (რადგან ადამიანური დანაკარგები დიდ მნიშვნელობას არ წარმოადგენს რუსეთისათვის), ეკონომიკურ დანაკარგს, დაუდგა კორეელების შემოყვანის აუცილებლობა, ეს არ არის გამარჯვება. რუსეთს არ აქვს რა გამარჯვება და ხედავს, რომ დღეს ევროპა იაზრებს, რომ ისიც უნდა გადაიარაღდეს თავის დასაცავად და რომ მშვიდობა საკუთარი დამსახურებითა და დაცვით მოიპოვება. რუსეთი დღეს ეძებს ახალ სტრატეგიას, რომლის ზოგიერთი ელემენტი თქვენ უკვე ნახეთ – ნაკლები დანახარჯი, ნაკლები პირდაპირი შეტევა.
და კიდევ ერთხელ, დღეს, ისევე როგორც 2008 წელს, საქართველო საცდელი ადგილია და სწორედ ეს გზავნილი, მინდა, გადმოგცეთ: საქართველო იყო ის ადგილი, სადაც რუსეთმა ყველაზე დახვეწილი საარჩევნო მანიპულაცია განახორციელა; სადაც რუსეთმა თავისი მარიონეტების, ოლიგარქების მეშვეობით მიაღწია სახელმწიფოს თითქმის სრულ უზურპაციას; სადაც მან მოახერხა თავისი პროპაგანდის გავრცელება (ალბათ ერთ-ერთ ქვეყანა, რომელიც ყველაზე კარგად იცნობდა რუსეთს და რომელმაც ეს პირდაპირ განიცადა) და მიუხედავად ყველაფრისა, პროპაგანდამ მეტ-ნაკლებად იმუშავა. ეს არის რუსეთის ახალი ჰიბრიდული სტრატეგია. ის, რომელმაც უნდა შეცვალოს უფრო ძვირი სამხედრო სტრატეგია. და მე მოვედი გასაფრთხილებლად, რომ ეს ჰიბრიდული სტრატეგია ყველას ემუქრება. ჩვენ ამას დღეს განვიცდით, როგორც საქართველოს ტრაგედიას.
თუმცა საქართველოს ახალგაზრდობა 140 დღეა ქუჩაში დგას და არ ტოვებს ქუჩას სწორედ ისე, როგორც არ ტოვებენ სანგრებს ჩვენი უკრაინელი მეგობრები და უკრაინელი ახალგაზრდები.
ჩვენც ჩვენებურად ვუწევთ და გავუწევთ წინააღმდეგობას. და მე ამ ხალხის პრეზიდენტი ვიქნები ბოლომდე, მაგრამ ეს გამოწვევა ყველას გამოწვევაა. ეს გამოწვევაა ყველა დემოკრატიისთვის. ეს გამოწვევაა საბჭოთა რუსეთის ყოფილი სივრცის ყველა განვითარებადი დემოკრატიისთვის – მოლდოვის, უკრაინისა და მრავალი სხვისთვის, ვინც ახლოსაა. ჩვენ ვნახეთ რუმინეთზე განხორციელებული მცდელობები. ჩვენ ვნახეთ მცდელობები მოლდოვაზე. და ის, რაც გვესმის უკრაინაში დემოკრატიული არჩევნების აუცილებლობის შესახებ, ამას ამბობს ბატონი პუტინი, არის სურვილი, რომ ომის შემდეგ იქ (უკრაინაში) ეს ახალი ჰიბრიდული სტრატეგია განხორციელდეს. ამას უნდა დავუპირისპირდეთ!
ეს გეოპოლიტიკური გამოწვევაა, რადგან საქართველოს დაკარგვა (რაც არ და ვერ მოხდება), ვერ იქნება უმნიშვნელო. ეს არის შავი ზღვა, ეს არის კავკასია, ეს არის ევროპული სომხეთის ბედი, ეს არის გზა ცენტრალური აზიისაკენ. ეს არის რეგიონი, რომელიც ყველაზე მეტად გაინტერესებთ. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ეს არის გამოწვევა ევროკავშირისთვის.
ევროკავშირმა არ უნდა დაუშვას, რომ ქვეყანა, რომელსაც მან კანდიდატის სტატუსი ერთი წლის წინ მიანიჭა, ერთ წელიწადში იქცეს ტოტალიტარული დიქტატურის მოდელად. ევროკავშირი უნდა აღიჭურვოს თავისი საშუალებებით, რათა გადაწყვეტილება მიიღოს, რათა ჰქონდეს თანმიმდევრული პოლიტიკა და შეძლოს ამის თქმა, რათა ის არ იყოს ერთი-ორი ქვეყნის ხელში, რომლებიც უკვე ტოტალიტარიზმის ამ გზაზე მოძრაობენ.
ტოტალიტარიზმის ამ გზაზე ჩვენ უნდა დავიცვათ დემოკრატია, დავიცვათ იგი ყველგან. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ევროპული ინსტიტუტები, ეს არის ევროპული გადაიარაღება, მაგრამ ეს ასევე არის მორალური გადაიარაღება, ეს არის პოლიტიკური გადაიარაღება, ეს არის შესაძლებლობა, რომ ყველამ ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება.
ამ მორალური, პოლიტიკური, თუ საჭიროა, სამხედრო გადაიარაღების გზაზე საკუთარი ბედისწერით, როგორც ყოველთვის, საფრანგეთი წინა ხაზზეა და ჩვენ ყოველთვის მასთან ვიქნებით, ჩვენ ყოველთვის შევხედავთ მას იმედით და იმ ამბიციით, რომ საფრანგეთი დემოკრატიის დედა და თავისუფლების სამშობლოა და ეს მუდამ ასე იქნება, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რაც დღეს თქვენ წინაშეა. გაუწიეთ წინააღმდეგობა (ტოტალიტარიზმს)!“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.