სიღარიბე ჩვენმა 90 ათასმა თანამოქალაქემ დაძლია – კობახიძე

დღეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა სიღარიბის 2025 წლის მაჩვენებელი, რომელიც 7.1 პროცენტამდე შემცირდა. ეს ნიშნავს, რომ 2025 წელს, 7.5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის ფონზე, სიღარიბე 90 ათასმა ჩვენმა თანამოქალაქემ დაძლია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2020 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე ზუსტად სამჯერ – 21.3 პროცენტიდან 7.1 პროცენტამდე შემცირდა.

„ამ ხუთი წლის განმავლობაში სიღარიბის საშუალო წლიურმა კლებამ 2.84 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ 2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა 1,120,000-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობდა, 2025 წელს კი ეს მაჩვენებელი 280 ათასს ჩამოსცდა.

ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა საქართველოში სიღარიბის სრულად აღმოფხვრაა. ვიდრე 280 ათასამდე ჩვენი თანამოქალაქე ჯერ კიდევ სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ბუნებრივია, ჩვენ არ გვაქვს ყურადღების მოდუნების უფლება“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი