პარლამენტის უახლოეს სესიაზე როლანდ ახალაიას სადეპუტატო უფლებამოსილებას შეუწყვეტენ

საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოსგან დეპუტატ როლანდ ახალაიას მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი მიიღო.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის განცხადებით, კომიტეტი საკითხს რეგლამენტით დადგენილ ვადაში განიხილავს და როლანდ ახალაიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე შესაბამის დასკვნას მიიღებს.

კახიანისვე განმარტებით, საკითხის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება პარლამენტში უახლოეს სესიაზე მოხდება.

უზენაესმა სასამართლომ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი როლანდ ახალაია დამნაშავედ სცნო. საქმე ახალაიას სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს ეხება.

პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, დეპუტატის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა, მისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას იწვევს.

სასამართლომ ახალაია დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორი დამოუკიდებელი ეპიზოდის ჩადენაში და “ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის და სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით. მასვე 2 წლითა და 3 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი