უკანონო შრომით მიგრაციასთან ბრძოლის მიზნით, “ქართული ოცნება” „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონს ამკაცრებს.
კანონპროექტის თანახმად, რომელიც ერთპარტიულ პარლამენტს უკვე წარედგინა და დაჩქარებულად განიხილება, შემუშავდება და დაინერგება უცხოელის დასაქმებისთვის სპეციალური სამუშაო უფლების გაცემის მექანიზმი. ამასთან, დამრღვევი მიგრანტებისთვის ჯარიმა შემოდის, ხოლო დამსაქმებლებისთვის – იზრდება.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, მოქმედი კანონმდებლობით: საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმებისთვის სავალდებულოა მხოლოდ მისი შრომითი მიგრაციის სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაცია (რომელსაც ახორციელებს ამ უცხოელის დამსაქმებელი). ამავდროულად, კანონმდებლობა არ ადგენს მექანიზმებს, რომლითაც შრომის ბაზრის ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს საშუალებას მისცემდა უარი ეთქვა უცხოელისთვის საქართველოში დასაქმებაზე.
“აღნიშნული კი, თავის მხრივ, ხშირ შემთხვევაში განაპირობებს საქართველოში არაკვალიფიციური ან ჭარბი ოდენობის მუშახელის შემოსვლას, რაც საბოლოო ჯამში ნეგატიურად აისახება როგორც ადგილობრივ სამუშაო ძალაზე, ასევე შრომის ბაზრის ინტერესებზეც.
ასევე, უვიზო მიმოსვლის ფარგლებში შემოსული უცხოელების მიმართ, რომლებიც საქმდებიან საქართველოში და რეგისტრირდებიან შრომითი მიგრაციის სპეციალურ ელექტრონულსისტემაში, კანონმდებლობა არ ადგენს შრომითი იმიგრანტის მიერ საქართველოში შრომითი საქმიანობის უფლებისა და შრომითი ბინადრობის ნებართვის მოპოვების ვალდებულებას”,- წერია დოკუმენტში.
დოკუმენტში მოყვანილია სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ 2022-2023 წლებში, საზღვრის კვეთის მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოში შემოვიდა 239 334 უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც დარჩა მინიმუმ 6 თვეს + 1 დღე (ეს არის ის მეთოდი რითაც საქსტატი თვლის იმიგრანტებს). მიგრაციის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა არის დასაქმება და ეკონომიკური სტაბილურობის ძიება. შესაბამისად, მაღალი ალბათობით, ქვეყანაში დარჩენილი უცხო ქვეყნის მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი ეკონომიკური მიგრანტია. თუმცა, შრომის ბაზარზე სამინისტროს სისტემაში არსებული სტატისტიკის მიხედვით მხოლოდ 42 000 შრომითი იმიგრანტია რეგისტრირებული.
“ეს შეუსაბამობა მკაფიოდ მიუთითებს, რომ ქვეყანაში შრომითი იმიგრაციის აღრიცხვა და მონიტორინგი სრულყოფილი არ არის და არსებითად ვერ ასახავს იმ სამუშაო ძალას, რომელიც რეალურად ოპერირებს ქართულ შრომის ბაზარზე. შედეგად, რთულდება მიზნობრივი პოლიტიკის დაგეგმვა, შრომითი უფლებების დაცვა და ბაზრის რეალური სურათის ანალიზი”,- აღნიშნულია დოკუმენტში.
წარმოდგენილი ცვლილების თანახმად:
- შემუშავდება და დაინერგება უცხოელის დასაქმებისთვის სპეციალური სამუშაო უფლების გაცემის მექანიზმი;
- შემუშავდება აღნიშნული სამუშაო უფლების გაცემის კრიტერიუმები;
- დარეგულირდება საქართველოში უცხოელი ფიზიკური პირების შრომითი/სამეწარმეო საქმიანობა (ისეთი შემთხვევები, როდესაც არ გვაქვს კლასიკური დასაქმება);
- შემუშავდება კანონმდებლობით დადგენილი ნორმების აღსრულების ახალი მექანიზმები
- და განისაზღვრება მათი აღმასრულებელი უწყებები;
- გაიზრდება საჯარიმო სანქცია იმ დამსაქმებლებთან მიმართებით, ვინც უცხოელს დაასაქმებს სპეციალური სამუშაო უფლების მოპოვების გარეშე;
- დაწესდება საჯარიმო სანქცია თითოეული შრომითი მიგრანტისთვის, რომელიც საქართველოში სპეციალური სამუშაო უფლების გარეშე ეწევა შრომით/სამეწარმეო საქმიანობას;
- საქართველოში შრომითი მიგრაციის პროცესების სრულყოფილად დარეგულირდება და მართვის მიზნით განისაზღვრება შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ვალდებულებები და ფუნქციები.
გათვალისწინებულია კანონის 2026 წლის 1 მარტს ამოქმედება. ამასთან, რეგისტრირებულმა იმ შრომითმა იმიგრანტებმა, რომლებსაც ამ კანონის ამოქმედების მომენტში რეგისტრაციის სტატუსი აქვთ აქტიური, არაუგვიანეს 2027 წლის 1 იანვრისა, უნდა მოიპოვონ სპეციალური სამუშაო უფლება და შესაბამისი კატეგორიის ბინადრობის ნებართვა. ამავდროულად, არ არის გათვალისწინებული კანონისთვის უკუძალის მინიჭება.
რაც შეეხება ჯარიმებს:
- ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი იმიგრანტის მიერ შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე საქმიანობა ადგილობრივი დამსაქმებლისთვის (თითოეულ შრომით იმიგრანტზე ინდივიდუალურად) – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით;
- ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი იმიგრანტის მიერ შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე შრომითი საქმიანობა შრომითი იმიგრანტისთვის – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით;
- თვითდასაქმებული უცხოელის მიერ შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე შრომითი საქმიანობა – გამოიწვევს თვითდასაქმებული უცხოელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
განმეორებით დარღვევებზე კი ორმაგი თანხით ჯარიმაა განსაზღვრული.
კანონპროექტის მიხედვით, მთავარ პრიორიტეტად განისაზღვრება შიდა შრომითი რესურსების დაცვა.
„იმ ეკონომიკურ სექტორებში, სადაც დაფიქსირდება სამუშაო ძალის ჭარბი მიწოდება, უპირატესობა მიენიჭება ადგილობრივი სამუშაო ძალის დასაქმებას, ხოლო უცხოელი მოქალაქეების დასაქმება შესაბამისი რეგულაციების ფარგლებში შეიზღუდება, რათა არ მოხდეს ადგილობრივი დასაქმებულების შესაძლებლობების შეზღუდვა.
მეორე მხრივ, იმ სექტორებში, სადაც გამოიკვეთება კადრების დეფიციტი, სახელმწიფოს მიდგომა იქნება შრომითი იმიგრანტების შერჩევითი და დროებითი დასაქმება – განსაზღვრული პერიოდისთვის და ზედამხედველობის პირობებში. უცხოელ სამუშაო ძალას მიეცემა დასაქმების უფლება მხოლოდ იმ პირობებში, როდესაც დადასტურდება, რომ შესაბამისი პოზიციებისთვის ადგილობრივი კადრები არ არის ხელმისაწვდომი. პარალელურად, განხორციელდება ადგილობრივი სამუშაო ძალის გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში სამუშაო ძალაზე მოთხოვნა მაქსიმალურად შიდა რესურსებით დაკმაყოფილდეს. შედეგად მოხდება ადგილობრივი სამუშაო ძალის უფრო მეტად ინტეგრაცია ეკონომიკურ საქმიანობაში, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის სრულ რეალიზებას“,- აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
წყარო: bm.ge