მერების და გამგებლების რიგგარეშე არჩევნების თარიღად 8 ოქტომბერი ოფიციალურად გამოცხადდა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც ზუგდიდის, წალენჯიხის, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების გამგებლებისა და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება.

განკარგულება კონტრასიგნირებულია პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მიერ.

„ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად მოქმედი გამგებლები დაასახელა, ხოლო ქალაქ ზუგდიდში კი მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარე წარადგინა. ედისერ თოლორაიამ, გოგა გულორდავამ და მერაბ ქვარაიამ, თანამდებობები კანონით დადგენილ ვადაში განცხადების საფუძველზე დატოვეს. რის გამოც ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებში რიგგარეშე არჩევნების ჩატარება გახდა აუცილებელი.

კანონის მიხედვით, მერის ან გამგებლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნებს ნიშნავს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით. ეს ხდება მათი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან არა უადრეს მე-8 და არა უგვიანეს მე-10 დღისა. არჩევნები ტარდება არჩევნების დანიშვნიდან არა უგვიანეს 50-ე დღისა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი