სოფიო კაკაჩია: “ოჯახი ლევან მამფორიას უდანაშაულოდ მიიჩნევს”

სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებული საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომლის ლევან მამფორიას ოჯახი დაკავებულს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

ამის შესახებ “Newsportal.ge”-ს დაკავებულის ნათესავმა სოფიო კაკაჩიამ განუცხადა, რომელიც მამფორიას აყვანის დეტალებს ყვება.

“ოჯახისგან რაც ვიცი ისაა, რომ ზუგდიდში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში ხელმძღვანელობამ დაიბარა და იქ მოხდა მისი აყვანა, ასევე გაჩხრიკეს მისი საცხოვრებელი ბინა ჩხოროწყუში. ვერ წარმოგვიდგენია, იმდენად კარგი ადამიანია, რომ მსგავსი რამ ჩაედინა, დარწმუნებულები ვართ ყველა, რომ უდანაშაულოა”, – აღნიშნა კაკაჩამ.

მან ასევე უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მამფორია თავდაცვის მინისტრის ლევნ იზორიას ნათესავია.

შეგახსენებთ, რომ სუს-მა ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებისათვის და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ტარებისა და ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს 5 მოქალაქე: ბექა ბ, ვლადიმერ რ, მინდია ვ, ჯაბა მ. და ნური ჭ. დააკავა.

ამ პირების გარდა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან ერთობლივად დაკავებულია საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი ლევან მ, დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე საქართველოს ერთი მოქალაქე ირაკლი ბ.

გამოძიებით დადგენილია, რომ დასახელებული პირები ამზადებდნენ სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთის აფეთქებას.

კომენტარები

დატოვე კომენტარი