შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, 2026 წლის აბიტურიენტებს კვლავ ექნებათ თავისუფალი ადგილების მქონე საგანმანათლებლო პროგრამებიდან სასურველის არჩევის შესაძლებლობა.
მათივე ინფორმაციით, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის ფარგლებში, 5 ოქტომბრის 11:00 საათიდან 9 ოქტომბრის 18:00 საათამდე კვლავ შესაძლებელი იქნება თავისუფალი ადგილების მქონე უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა.
„შეგახსენებთ, რომ მეორად ჩარიცხვაში მონაწილეობის უფლება აქვს აბიტურიენტს, რომელმაც: 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა, თუმცა ჩარიცხვის უფლება ვერ მოიპოვა; 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა, თუმცა დაძლია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. პროგრამების არჩევის წესის, ასევე, უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებისა და აბიტურიენტთა მისაღები ადგილების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განახლებულ ელექტრონულ ბუკლეტში – „ცნობარი აბიტურიენტებისთვის“.
საგანმანათლებლო პროგრამების არჩევისას გასათვალისწინებელ რეკომენდაციებს გაეცანით ბმულზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში

