გალის შეხვედრაზე ოთხოზორიას მკვლელობაზე, პატიმარ ლუკავას გათავისუფლებასა და ზაზა წულუკიას გაუჩინარებაზე იმსჯელეს

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში მეოთხე ხუთმხრივი შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.

სუს-ის ანალიკტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის  კახაბერ ქემოკლიძის ინფორმაციით, შეხვედრაზე 19 მაისს ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის რაშიდ კანჯი ოღლის ხელისუფლებისთვის გადაცემის საკითხზე, დრანდის ციხეში მყოფი პატიმრის გიორგი ლუკავას გათავისუფლებასა და 2012 წელს ზაზა წულუკიას უგზო-უკვლოდ გაუჩინარების თემაზე იმსჯელეს.

“დე ფაქტო მთავრობა დაგვპირდა, რომ მომდევნო შეხვედრაზე მოიყვანენ დე ფაქტო სამხედრო პროკურატურის წარმომადგენელს, რომელიც გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე მის ხელთ არსებულ დეტალურ ინფორმაციას მოგვაწვდის. რაც შეეხება გიორგი ლუკავას, მას საკმაოდ მძიმე ბრალდებებს ედავებიან. სახელმწიფოს პოზიცია არის ძალიან ხისტი ამ კუთხით, იმიტომ რომ ამ ბრალდებების უკან არანაირი ვალიდური არგუმენტაცია არ არსებობს, შესაბამისად, მუშაობას ვაგრძელებთ ამ მიმართულებით და იმედი გვაქვს, უახლოეს მომავალში მოხდება მისი გათავისუფლება. “, – განაცხადა ქემოკლიძემ.

პატიმარ გიორგი ლუკავას მეუღლე კი, რომელიც შეხვედრის მონაწილეებს ენგურის ხიდთან ელოდა, საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევით უკმაყოფილოა და მისი მეუღლის გათავისუფლებისთვის უფრო აქტირუი ნაბიჯების გადადგმას ითხოვს.

მომდევნო შეხვედრა გალში 19 ოქტომბრისთვის ჩაინიშნა

კომენტარები

დატოვე კომენტარი