კახი კალაძე: “ჩვენ არ ვართ თვითკმაყოფილნი და მოსახლეობის ყველა პრობლემა კარგად გვესმის”

“ქართული ოცნების” გენერალური მდივნის კახი კალაძის განცხადებით, ხელისუფლება თვითკმაყოფილებას არ განიცდის და ესმის ყველა ის პრობლემა, რომელიც ქვეყნის მოსახლეობას აწუხებს.

ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა სოფელ ორსანტიაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც ადგილობრივებს საქართველოს პარლამენტში ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი ედიშერ თოლორაია და ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატი ლაშა გოგია წარუდგინა.

ძალიან რთული, მძიმე ოთხი წელი გვქონდა, შეგვიძლია, თავაწეული ვიაროთ განხორციელებული პროექტებით, რეფორმებით, თუმცა, თქვენ არ იფიქროთ, რომ თვითკმაყოფილნი ვართ იმით, რაც გავაკეთეთ და განვახორციელეთ. ჩვენ კარგად გვესმის, ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს რეგიონებში, სოფლად, ქალაქებში. ალბათ დამეთანხმებით, რომ ოთხი წლის განმავლობაში შეუძლებელი იყო ყველა პრობლემის მოგვარება. ჩვენ არ უნდა მოგვერიდოს პრობლემებზე საუბრის. კარგად მესმის, რომ წინა ხელისუფლება აჩვევდა ქვეყნის მოსახლეობას ზეწოლით, შიშით, რომ პრობლემებზე არ ესაუბრათ. ჩვენ არ ვაშენებთ ასეთ ქვეყანას, ჩვენ ვაშენებთ თავისუფალ საქართველოს, სადაც თითოეული მოქალაქის უფლებები იქნება დაცული, სადაც ნებისმიერ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, გამოთქვას საკუთარი აზრი, თუნდაც განსხვავებული. უნდა მივეჩვიოთ და პატივი ვცეთ განსხვავებულ აზრს, უნდა მოვუსმინოთ, ვუპასუხოთ სწორი პასუხებით და არა – ხელკეტებით, ქვებით, როგორც ეს თითეულმა ჩვენთაგანმა საკუთარ თავზე გამოვცადეთ“,-აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საბედნიეროდ, „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა და განსხვავებული აზრისადმი აგრესიული დამოკიდებულება წარსულს ჩაბარდა.

„უნდა გამოვიდეთ იმ მდგომარეობიდან, როცა ვირტუალური საქართველო ქონდათ შექმნილი თავიანთი საკუთარი მედიასაშუალებებით. ყველას კარგად გვახსოვს ეს პერიოდი – ჩავრთავდით ტელევიზორს და გვეუბნებოდნენ, თითქოს ქვეყანაში ყველაფერი კარგად იყო, ყოველწლიურად მილიონი ახალი სამუშაო ადგილი იქმნებოდა, ხალხი ბედნიერი იყო, მილიონი გამოცვლილი კბილიც გვახსოვს. არ გავაგრძელებ ამ ყველაფერს, თუმცა როდესაც ტელევიზორს გამოვრთავდით, რა რეალობა იყო, ყველამ კარგად ვიცით. თუ არ ვისაუბრებთ პრობლემებზე, პრობლემა ისევ პრობლემად დარჩება. ჩვენ ვართ ის გუნდი, ის პოლიტიკური პარტია, რომელიც შეძლებს ყველა პრობლემის მოგვარებას, რომელიც აწუხებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას“,- დასძინა კალაძემ.

“ქართული ოცნების” ლიდერები ორსანტიის გარდა დღეს ამომრჩეველს სოფელ ცაცხვში და ქალაქ ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზეც შეხვდნენ, სადაც ასევე მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი