არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ „ეროვნული ფორუმის“ ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატ ოთარ ხარჩილავას შტაბის წევრების ქმედება, რომლის მიხედვითაც პარტიის ახალგაზრდული ფრთა იწვევს 17-დან 30 წლამდე ფოთელ ახალგაზრდებს სხვადასხვა სახის გასართობ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, შეიცავს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს.
„საარჩევნო კოდექსის” 47-ე მუხლის მიხედვით ამომრჩევლის მოსყიდვად ითვლება საარჩევნო სუბიექტების, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა, უფასოდ ნებისმიერი საქონლის მიწოდება ან გავრცელება, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეების დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის დაპირებით, მიუხედავად მათი ღირებულებისა“, – ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრებმა რამდენიმე დღის წინ ფოთში “ფერების ფესტივალი” გამართეს, სადაც სპეციალური ე.წ. “ფერები” ფესტივალზე მისულ ახალგაზრდებს დაურიგეს.
“Newsportal.ge” თავად ოთარ ხარჩილავას დაუკავშირდა, რომელიც აცხადებს, რომ ყველა ღონისძიება მისი ახალგაზრდული ფრთის და მხარდამჭერების დაგეგმილი და ჩატარებულია და არც ერთის დაფინანსება მისი მხრიდან არ მომხდარა.