რომის პაპი საქართველოს ეწვია

რომის პაპი ფრანცისკი საქართველოში იმყოფება. მისალმების ცერემონია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა, სადაც  მას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი და მთავრობის წევრები  დახვდნენ. მისალმების ცერემონიის შემდეგ, პაპი საქართველოს პრეზიდენტს სასახლეში ესტუმრა.

პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი და რომის პაპი 300-მდე მოწვეულ სტუმარს სიტყვით მიმართავენ, რომელთა შორისაც არიან აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, საპატრიარქოს და სხვადასხვა რელიგიური კონფესიების და საზოგადოების წარმომადგენლები.

ვიზიტის ფარგლებში, რომის პაპის და საქართველოს პატრიარქის შეხვედრა საპატრიარქო რეზიდენციაში შედგება, რის შემდეგაც, პაპი ასირიულ-ქალდევურ საკრებულოსთან წმ. სიმონ მღებავის კათოლიკურ ტაძარში მივა.

1-ელ ოქტომბერს, რომის პაპი თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მესას აღავლენს და მესაზე დამსწრე საზოგადოებას ქადაგებით მიმართავს.

ვიზიტის დასასრულს, რომის პაპი სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქთან და თანმხლებ პირებთან ერთად მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს მონახულებს და ტაძარში მისასალმებელ სიტყვას წარმოთქვამს.

რომის პაპის ორდღიან ვიზიტს საქართველოში მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები გააშუქებენ. აკრედიტაცია 150-ზე მეტმა უცხოელმა ჟურნალისტმა გაიარა.

2 ოქტომბერს რომის პაპი ფრანცისკე თბილისიდან აზერბაიჯანში გაემგზავრება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი