ზუგდიდში ლაღიძის პირველ ნომერში ტექნოლოგიური პარკი გაიხსნა. ტექნოლოგიური პარკი საქართველოს ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ლევან შონიამ და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ქაშიბაძემ გახსნეს.
ზუგდიდის ტექნოპარკში წარმოდგენილი იქნება როგორც სამრეწველო ინოვაციების უნივერსალური ლაბორატორია (ფაბლაბი), ისე სასწავლო ცენტრი, co-working ცენტრი, საკონფერენციო დარბაზი, კომპანიებისთვის ერთობლივი სამუშაო ადგილები, რეკრეაციული სივრცე და სხვა სერვისები, რომლებიც ქმნიან ერთიან ეკოსისტემას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით და ხელს უწყობენ ინოვაციური იდეების განვითარებას რეგიონში.
ტექნოპარკში ჩატარდება პროგრამირების, დიზაინის, მეწარმეობის და სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებების ტრენინგები. ამას გარდა, აქცენტი გაკეთდება დისტანციური სწავლების მეთოდოლოგიაზე, ტექნოპარკის ყველა ღონისძიება პირდაპირი ეთერით ინოვაციის ცენტრებში გადაიცემა, შესაბამისად მსურველებს საშუალება ექნებათ ვირტუალურად დაესწრონ ყველა ღონისძიებას, დასვან კითხვები და მაქსიმალურად ჩაერთონ პროცესში.
გუბერნატორის განმარტებით, ტექნოპარკი რეგიონის ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობაა.
„მიხარია, რომ თბილისს შემდეგ მეორე ქალაქი სადაც ინოვაციების პარკი გაიხსნა ზუგდიდია, ჩვენი რეგიონის ახალგაზრდებს ექნებათ იმ სერვისებზე წვდომა რაც თბილისის ტექნოპარკშია, მეტიც აქ უფრო ახალი ტექნოლოგიები გვაქვს. რეგიონის ახალგაზრდებს ექნებათ თავისუფალი სივრცე, მათ აქვთ შესაძლებლობა ნიჭის და იდეების რეალიზაციის. მიხარია, რომ ჩვენი რეგიონიდან ახალგაზრდები აღარ წავლენ და მათ შესაზლებლობებს რეგიონის განვითარებას მოახმარენ“ – განაცხადა ლევან შონია.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ტექნოლოგიური პარკის არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიზნეს სფეროსთვის. მისი თქმით, ტექნოპარკი აკავშირებს საჭირო სფეროებსა და პროფესიონალებს ერთმანეთთან და ქმნის ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან პროდუქტს.
ტექნოლოგიური პარკი, პრეზიდენტის რეზიდენციის ყოფილ შენობაშია განთავსებული.