ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა იწყება [Video]

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განხორციელება იწყება. დღეს, ანაკლიაში, საქართველოს მთავრობასა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შორის საინვესტიციო ხელშეკრულება გაფორმდა.

პროექტის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო მონაწილეობა.

საუკუნის პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის – ასე შეაფასა მთავრობის მეთაურმა ანაკლიის ნავსადგური და მის უპირატესობებზე ისაუბრა. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, უაღრესად მნიშვნელოვანია ის, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი საქართველოში ათასობით ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.

“სტრატეგიული მდებარეობა, მაღალი გამტარუნარიანობა, ლოგისტიკური სერვისების განვითარების შესაძლებლობა, გაფართოებისა და განვითარების პერსპექტივა და სხვა მიმართულებები, შექმნის რეალურ საფუძველს, რათა საქართველომ შეასრულოს თავისი ისტორიული მისია, ახალი აბრეშუმის გზის დერეფანში. ამავე დროს, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს ეძლევა სრული შესაძლებლობები, რათა იქცეს ჩვენი ქვეყნის მთავარ საზღვაო კარიბჭედ და, რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ლოგისტიკურ ცენტრად რეგიონში. ანაკლიის პორტი მთლიანად ეწერება და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ინფრასტრუქტურული პროექტია მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ყველაზე მასშტაბური კომპონენტის – სივრცითი მოწყობის პროექტისა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური რამდენიმე ეტაპად აშენდება; ის 9 ფაზას მოიცავს და, საბოლოოდ, მისი გამტარუნარიანობა, შესაძლოა, წელიწადში 100 მილიონ ტონამდე ავიდეს.

პროექტის განსახორციელებლად, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას ეტაპობრივად დაიწყებს. პროექტის პირველივე ფაზაში კომპანია 586 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

ცერემონიაში ასევე მონაწილეობდნენ, ვიცე-პრემიერი, დიმიტრი ქუმსიშვილი, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლები – მამუკა ხაზარაძე და კურტ კონტი,  კომპანია Van Oord-ის რეგიონული დირექტორი გოვერტ ვან ოორდი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ლევან შონია, მთავრობის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

კომენტარები

დატოვე კომენტარი