დიდინეძის ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილე, “ნაციონალური მოძრაობის” დიდინეძის საარჩევნო შტაბის უფროსი პაპუნა კუკავა დაპირისპირების დეტალებს ჰყვება.
კუკავა დღეს სხვა მონაწილეებთან ერთად ზუგდიდის სამმართველოშია დაბარებული, ადგილზე შეკრებილები არიან პარტიის სხვა წევრებიც.
შტაბის უფროსი ამტკიცებს, რომ “საკუთარი მანქანით გადაადგილდებოდა, “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წევრებს გზა ჰქონდათ ჩაკეტილი და სთხოვა მათ გაწეულიყვნენ, რასაც ახალგაზრდების მხრიდან აგრესია მოჰყვა”.
“მეორედ დაკითხვაზე რატომ დამიბარეს, ჩემთვის უცნობია. მე ვიყავი დაკითხვაზე, მივეცი ჩვენება, როგორც იყო, დღეს ისევ დაბარებული ვარ და ჩემს ადვოკატთან ერთად გამოვცხადდი… საღამოს, როცა სახლში გადავაადგილდებოდი ჩემი პირადი მანქანით, ჩემი ქუჩის გადასახვევთან დამხვდნენ ახალგაზრდა პირები. დავინახე, რომ სადღაც 8-10 ახალგაზრდა იდგა ჩემს სავალ ნაწილზე. მიმართვაზე, რომ გაეთავისუფლებინათ გზა, არც მე დავეღუპეთ და არც თვითონ მოსვლოდათ რამე, აგრესიულად მითხრეს, რომ ჩვენ კარგად ვიცით მოძრაობის წესები და მომივარდნენ მანქანაში. მანქანას წიხლები ურტყეს. მანქანაში შემოღწევას და გალახვას ცდილობდნენ. ხელიც დამარტყეს. გავექეცი ამათ. წავედი ჩემი სახლისკენ, რომელიც სადღაც ას მეტრში იყო. გინებით, ქვების სროლით გამომეკიდნენ. გზაში მელოდებოდა ჩემი ფეხმძიმე მეუღლე პატარა ბავშვთან ერთად. მე ვეცადე, დამეცვა ჩემი ოჯახი. მომივარდნენ, ყველაფერი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ეს გაგრძელდა დაახლოებით, ხუთ წუთს. მერე წავედი სახლისკენ. დავტოვე ესენი. შეიკრიბა დაახლოებით, ასი კაცი, მეზობლები, უცნობი მანქანები. ქვებს გვიშენდნენ, სამწუხაროდ, ბევრი მომხვდა. ვიცავდი ჩემს მეუღლეს და პატარა ბავშვს. დაზიანებულია ჩემი მანქანა, დაზიანებულია ჩემი ნათესავის მანქანაც. ორივე არის დამტვრეული. მე ვიყავი ექსპერტიზაზე. დაბეჟილობები მაქვს ტანზე”, – აცხადებს კუკავა.